სუმის დაბომბვა

პუტინი სუმის დაბომბვაზე: იქ აჯილდოებდნენ დამნაშავეებს, მათზე შური უნდა გვეძია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
Ria Novosty

ვლადიმირ პუტინის თქმით, სუმის ცენტრზე სარაკეტო იერიში "შურისძიება" იყო.

"იყო თუ არა სამოქალაქო ობიექტი? იყო. მაგრამ იქ მიმდინარეობდა მათი დაჯილდოება, ვინც კურსკის ოლქში დანაშაულები ჩაიდინა". – თქვა პუტინმა. 

როგორც თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, "ამ ადამიანებზე შური უნდა გვეძია".

იმავე გამოსვლაში პუტინმა ე.წ. სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტაზე ილაპარაკა, რომელიც ზელენსკის თქმით, რუსეთმა 30 საათის განმავლობაში თითქმის 3000-ჯერ დაარღვია:

"უკრაინის ხელისუფლება თავდაპირველად ცეცხლის შეწყვეტას ადამიანის სიცოცხლით თამაშად განიხილავდა, იქ, როგორც ჩანს, ვიღაც უფრო ჭკვიანი გამოჩნდა, დიდი ალბათობით, უცხოელი კურატორი, რომელმაც ასეთ ინიციატივაზე უარის თქმა ურჩია – ეს წამგებიანი პოზიციაა".


13 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, რუსებმა Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით უკრაინული ქალაქის, სუმის მჭიდროდ დასახლებული ცენტრი დაბომბეს. სარაკეტო იერიშს 35 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც, ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 120-მდე ადამიანი. 

რუსეთის 13 აპრილის თავდასხმა ბევრმა უცხოელმა ლიდერმა შეაფასა, როგორც ომის დანაშაული, ვინაიდან ოკუპანტებმა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე იერიში კასეტური საბრძოლო მასალებით მიიტანეს. 

14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სუმზე სარაკეტო იერიში მიზანშეწონილი იყო, ვინაიდან ადგილზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ოპერატიული ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობდა. უწყების მტკიცებით დაბომბვის შედეგად მოკლულია 60 უკრაინელი სამხედრო.

იმავე დღეს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ "რუსეთის არმიას იერიშები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე მიაქვს".

14 აპრილს, სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ვლადიმირ არტიუხმა აღიარა, რომ იერიშის დღეს, ქალაქ სუმის ცენტრში უკრაინელი სამხედროების დაჯილდოება იგეგმებოდა.

15 აპრილს არტიუხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

 

კომენტარები