სუმის დაბომბვა

სუმის ოლქის მეთაურმა აღიარა, რომ იერიშის დღეს ქალაქში სამხედროების დაჯილდოება იგეგმებოდა

სუმის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ვლადიმირ არტიუხი
Befunky

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ვლადიმირ არტიუხმა აღიარა, რომ 13 აპრილს, იერიშის დღეს, ქალაქ სუმის ცენტრში უკრაინელი სამხედროების დაჯილდოება იგეგმებოდა.

ამის შესახებ არტიუხმა გამოცემა სუსპილნეს უთხრა. ამასთან სამხედრო მეთაურმა არ მოიყვანა დეტალები და თქვა, რომ ღონისძიებაზე "სტუმრად იყო დაპატიჟებული", ხოლო დაჯილდოების ორგანიზება მისი ინიციატივა არ ყოფილა.

კითხვაზე თუ ვისი ინიციატივით იგეგმებოდა სუმის ცენტრში დაჯილდოების ორგანიზება, არტიუხმა ასე უპასუხა:

"ეს უკვე სხვა თემაა. მე თქვენ გიპასუხეთ".


13 აპრილს რუსეთმა ქალაქ სუმის ცენტრზე რაკეტებით იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 35 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. გარდა ამისა, აფეთქების შედეგად დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. 

უკრაინის მხარემ ოფიციალურა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკის, იური იულას სიკვდილი დაადასტურა.

სუმის დაბომბვას არაერთი დასავლეთის ლიდერი გამოეხმაურა და რუსეთი მორიგი ომის დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.

დაბომბვიდან მცირე დროში რუსულ პროპაგანდისტულ წყაროებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქის ცენტრში სამხედრო ღონისძიება იგეგმებოდა.

იმავე დღეს სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპის მერმა არტიომ სემინიხინმა, არტიუხს სიმართლის თქმისკენ მოუწოდა. სემინიხინი ოლქის ხელმძღვანელს დაემუქრა, რომ თუ არტიუხი გარკვეულ ვადაში არ იტყოდა დაბომბვის დეტალებს, სიმართლეს თავად გაასაჯაროებდა.  

14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სუმზე სარაკეტო იერიში მიზანშეწონილი იყო, ვინაიდან ადგილზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ოპერატიული ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობდა. უწყების მტკიცებით დაბომბვის შედეგად მოკლულია 60 უკრაინელი სამხედრო.

იმავე დღეს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ "რუსეთის არმიას იერიშები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე მიაქვს".

კომენტარები