რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთის 13 აპრილის იერიშის შემდეგ, სუმის ოლქის გუბერნატორი თანამდებობიდან გადააყენეს

ვოლოდიმირ არტიუხი

უკრაინაში სუმისა და ლუჰანსკის ოლქების გუბერნატორები, ვოლოდიმირ არტიუხი და არტემ ლისოგორი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ Kyiv Independent უკრაინის პარლამენტში მთავრობის წარმომადგენლის, ტარას მელნიჩუკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს

არტიუხის გადაყენება, დიდი ალბათობით, უკავშირდება მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, რომ გუბერნატორი 13 აპრილს სუმიში სამხედროების დაჯილდოების ცერემონიის გამართვას გეგმავდა. ამ დღეს რუსეთი სუმის ბალისტიკური რაკეტებით დაესხა თავს, რის შედეგადაც 35 ადამიანი დაიღუპა და 120-მდე ადამიანი დაშავდა. 

არტიუხმა გუშინ, 14 აპრილს დაადასტურა, რომ ამგვარი ღონისძიება სუმიში 13 აპრილს მართლაც იგეგმებოდა, თუმცა უარყო, რომ ეს მისი ინიციატივა იყო და დაამატა, რომ იგი ღონისძიებაზე მხოლოდ "სტუმრად იყო დაპატიჟებული". 

ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა მიზეზით გაათავისუფლეს მელნიჩუკი თანამდებობიდან. ამის შესახებ კომენტარი თავად ყოფილ გუბერნატორსაც არ გაუკეთებია. პოსტზე მას ოლეგ გრიგოროვი შეცვლის. 

არტიუხი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა მას შემდეგ, რაც სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპის მერმა არტემ სემენიხმა მას რუსული თავდასხმის საშიშროების უნებლიედ შექმნაში დაადანაშაულა. მერი ამბობდა, რომ აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი გეგმავდა, 13 აპრილს 117-ე ბრიგადის ჯარისკაცებისთვის ჯილდოები გადაეცა, რაც როგორც მშვიდობიან მოქალაქეებს, ისე სამხედროებს საფრთხეს უქმნიდა. 

14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სუმზე სარაკეტო იერიში მიზანშეწონილი იყო, ვინაიდან ადგილზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ოპერატიული ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობდა. უწყების მტკიცებით დაბომბვის შედეგად მოკლულია 60 უკრაინელი სამხედრო.

იმავე დღეს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ "რუსეთის არმიას იერიშები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე მიაქვს".

სუმის რეგიონული ადმინისტრაციის საბჭომ არტიუხის გადაყენებას მხარი 14 აპრილს დაუჭირა. 

66 წლის ვოლოდიმირ არტიუხი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის ყოფილი მოადგილე, სუმის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას 2023 წლის აპრილიდან იკავებდა. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორი არტემ ლისოგორი, არტიუხთან ერთად. 

13 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, რუსებმა Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით უკრაინული ქალაქის, სუმის მჭიდროდ დასახლებული ცენტრი დაბომბეს. სარაკეტო იერიშს 35 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც, ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 120-მდე ადამიანი. 

რუსეთის 13 აპრილის თავდასხმა ბევრმა უცხოელმა ლიდერმა შეაფასა, როგორც ომის დანაშაული, ვინაიდან ოკუპანტებმა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე იერიში კასეტური საბრძოლო მასალებით მიიტანეს. 

კომენტარები