რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ "სააღდგომო ზავი" 21 აპრილს ღამით დამთავრდება მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მისი გახანგრძლივების ბრძანება არ გასცა.
თუმცა, უკრაინული მხარის ცნობით, 19 აპრილს პუტინის მიერ სააღდგომოდ 30-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, აღდგომის დღეს რუსეთმა იერიშები გააგრძელა, დრონებით თავდასხმები გააორმაგა და მძიმე შეიარაღების გამოყენება გააძლიერა.
"[ცეცხლის შეწყვეტაზე] სხვა ბრძანებები არ ყოფილა" - უპასუხა პესკოვმა კითხვაზე, დასრულდება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 21 აპრილს ღამით.
დღეს, 20 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლქესანდრ სირსკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სააღდგომოდ რუსეთის მხრიდან ყველაზე ძლიერი სამხედრო მოქმედებები პოკროვსკის მიმართულებით შეინიშნებოდა. ამასთანავე, სირსკის თქმით, პუტინის სიტყვები "ცეცხლის შეწყვეტასთან" დაკავშირებით მცდარი აღმოჩნდა კურსკის ოლქის, სივერსკის მიმართულებისა და დონეცკის ოლქის სხვადასხვა მიმართულებების შემთხვევაშიც.
"სამწუხაროდ, რუსული ძალების მხრიდან მძიმე შეიარაღების გამოყენების მზარდი ტენდენცია გრძელდება. დღის დასაწყისიდან 16:00 საათამდე სხვადასხვა მიმართულებით ჯამში რუსული იერიშის 46 შემთხვევა და დაბომბვის 901 შემთხვევა იყო, მათგან 448 მძიმე შეიარაღების გამოყენებასაც მოიცავდა" - წერს სირსკი.
ამას გარდა, უკრაინული მხარე იმეორებს, რომ მათი არმია განაგრძობს სიმეტრიული პასუხის გაცემას, როგორც ეს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
"ამ აღდგომამ აშკარად აჩვენა, რომ ამ ომის ერთადერთი წყარო, და მისი გაგრძელების მიზეზი, რუსეთია". - წერს სირსკი.
პუტინმა, რომელმაც წითელ პარასკევს ხალხი დახოცა, 19 აპრილს უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე. თუმცა, როგორც ხერსონის გუბერნატორი ტელეგრამზე წერს, რუსებმა ოლქზე დრონებით შეტევა სწორედ 18:00 საათისკენ დაიწყეს. ხოლო ზელენსკის თქმით, 20 აპრილის დილის 10 საათიდან (ადგილობრივი დროით) რუსეთის მხრიდან იერიშების რაოდენობის ზრდა შეინიშნება.