საფრანგეთი

საფრანგეთის ციხეებზე თავდასხმას ანტიტერორისტული პროკურატურა გამოიძიებს

REUTERS/Gonzalo Fuentes

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანენის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ ექვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე მიტანილი თავდასხმა ტერორისტული ქმედებაა.

"რესპუბლიკა უკან არ დაიხევს, ეს უკიდურესად სერიოზული დანაშაულებია, თავდასხმა საჯარო საპატიმრო სამსახურზე, ეს ტერორისტული თავდასხმაა". - თქვა დარმანენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ციხის ოფიცერთა კავშირის, UFAP-ის განცხადებით, ვილპინტის, ნანტერის, ექს-ლუინსა და ვალანსის ციხეების მიმდებარედ ავტომობილები დაიწვა, ხოლო ნანსიში, ციხის თანამშრომელს სახლში დაემუქრნენ.

სამხრეთ საფრანგეთში, ტულონის ციხის  შესასვლელს ცეცხლი АК-47 ტიპის ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს. დარმანენის თქმით, დარწმუნებული ვერ იქნება, უკავშირდება თუ არა ეს თავდასხმები  ხელისუფლების მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობის აკრძალვის მცდელობებს.

საფრანგეთის ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურის (PNAT) განცხადებით, უწყება თავდასხმების გამოძიებას უხელმძღვანელებს და მასში საფრანგეთის შიდა დაზვერვის სამსახურიც ჩაერთვება (DGSI).

"შერჩეული სამიზნეების, მოქმედების კოორდინირებული ხასიათისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუქარიდან გამომდინარე ამ ეტაპზე, გამოძიებას საკუთარ თავზე ანტიტერორისტული პროკურატურა იღებს, რათა ეროვნული კოორდინაცია უზრუნველყოს". - ნათქვამია PNAT-ის განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, იშვიათია შემთხვევა, როცა გამოძიებას ორგანიზებულ დანაშაულზე სპეციალიზებული პროკურორების ნაცვლად ანტიტერორისტული პროკურატურა იბარებს, თუმცა ეს გამართლებულია, რადგან საქმე სახელმწიფო სიმბოლოებზე ეროვნული მასშტაბის თავდასხმებს ეხება.

სამართალდამცავების თქმით, თავდასხმის ადგილას ბევრგან აღმოჩენილია წარწერა "DDPF" — რაც, სავარაუდოდ, "ფრანგი პატიმრების უფლებებს" ნიშნავს და შესაძლოა, ულტრამემარცხენე დაჯგუფებას უკავშირდებოდეს.

დარმანენის თქმით, "DDPF" ჯგუფები Telegram-სა და Signal-ზე ციხეებზე თავდასხმისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა "ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია."

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, რომ სამართალდამცავებს ციხეებისა და თანამშრომლების დაცვის გამკაცრება დაავალა.

კომენტარები