ლევან ვასაძის წიგნი "უძლურის დღიური", რომელსაც პუტინის კარის ფილოსოფოსი, ალექსანდრ დუგინი გამომწერებს ურჩევდა, რუსული წიგნის ბაზრობის, non/fictio№ Весна 2025-ის ტოპ-100 რჩეულ წიგნს შორის მოხვდა - ინფორმაციას მსოფლიო საოჯახო კონგრესი ავრცელებს.
""უძლურის დღიური“ იმ 100 საუკეთესო რეკომენდირებულ წიგნს შორისაა, რომელიც ჟიურიმ 2025 წლის გაზაფხულის non/fictio№-ს ფარგლებში გამოყო — როგორც შინაარსობრივად ღრმა, გამორჩეული ხედვის მქონე, თანამედროვე ნაწარმოები" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
non/fictio№ Весна 2025 მოსკოვში 10-13 აპრილს იმართება.
24 მარტს ვლადიმირ პუტინის კარის ფილოსოფოსმა, კრემლის პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა საკუთარი Telegram არხის გამომწერებს ლევან ვასაძის ახალი წიგნის, უძლურის დღიურების შეძენა ურჩია.
"გამოვიდა ქართველი პოეტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ლევან ვასაძის შესანიშნავი წიგნი. როდესაც ლევან შიოევიჩი ავად იყო და ექიმებს მიაჩნდათ, რომ ის ვერ გადარჩებოდა, მან დაწერა გასაოცარი ნაშრომი უძლურის დღიურები". – წერს დუგინი.
დუგინის თქმით, წიგნში ვასაძე მსჯელობს ისეთ თემებზე, როგორებიც არის "საქართველოსადმი სიყვარული, მართლმადიდებლობა, ფილოსოფია, ოჯახი და რწმენა, მესამე რომი (რუსეთი) და მეორე იერუსალიმი (თბილისი), ღვინო და პოლიტიკა".





