მოძრაობა "საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები" პირველი არხის გათავისუფლებული თანამშრომლების, ნინო ზაუტაშვილის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ანა მეტრეველის მაუწყებელში აღდგენას მოითხოვენ - განცხადება მცველებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გააკეთეს.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა უზრუნველყოფილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი იდეით და არსით არის დემოკრატიული ინსტიტუცია, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არ და ვერ ასრულების თავის კანონით გათვალისწინებულ მოვალეობებს. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს ემსახურება მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს.
გუშინდელ დღემდე გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო მენეჯმენტთან ერთად გვეპოვა გამოსავალი იმისთვის, რომ შეგვესრულებინა ჩვენი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, დაშინების და ზეწოლის სხვადასხვა ფორმამ გუშინ მიაღწია კულმინაციას და ორი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, რომელიც ამ დროის განმავლობაში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირსების დასაცავად იბრძვის, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ჩვენ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” არ ვეთანხმებით ამ უსამართლო გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას, ასევე, უნდობლობას ვუცხადებთ მიკერძოებულ მოკვლევას და მის შედეგებს" - ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებელის განცხადებით, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი და მიუკერძოებელი.
მაუწყებლის განცხადებით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მიმართ გამოყენებული იქნა სხვა ტიპის სანქციები. მათ შორის, მაუწყებლის რეჟისორის, კახა მელიქიძის მიმართ, რომელმაც ბორდის სხდომაზე საჯაროდ თქვა, რომ "ფეხბურთის დროს სთხოვდნენ კობახიძის რაც შეიძლება მეტი კადრის ჩვენებას".
დღეს არხი დატოვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის მენეჯერმა თეა კახიანმა და მსახიობმა დავით ველიჯანაშვილმა - ამის შესახებ კახიანი სოციალურ ქსელში წერს.