აშშ

აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად Siemens-ის ხელმძღვანელი და მისი ოჯახის წევრები დაიღუპნენ

New York Helicopter Tours LLC

10 აპრილს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მდინარე ჰადსონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს შორის გერმანული ტექნოლოგიური კომპანია Siemens-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მისი ოჯახის წევრები აღმოჩნდნენ.

სამართალდამცავების ინფორმაციით, აგუსტინ ესკობარი, მისი ცოლი მერკე კამპრუბი და მათი 4, 5 და 11 წლის შვილები ვერტმფრენის პილოტთან ერთად დაიღუპნენ. დაღუპული პილოტის ვინაობა ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

ორმა ესპანელმა ოფიციალურმა პირმა ABC News-თან საუბრისას განაცხადა, რომ ესკობარის ოჯახი ნიუ-იორკს ბარსელონადან ესტუმრა. 

ავიაკატასტროფას ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი გამოეხმაურა. 

"ხუთი ესპანელი ერთი და იმავე ოჯახიდან, მათ შორის სამი ბავშვი და პილოტი დაიღუპნენ. წარმოუდგენელი ტრაგედია. თანავუგრძნობ მსხვერპლთა ახლობლებს". - დაწერა სანჩესმა პლატფორმა X-ზე.

"ჩვენი გულები ამ ოჯახისკენ და ბორტზე მყოფებისკენ არის მიმართული". - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა პრესკონფერენციაზე.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ავიაკატასტროფა 3:17 საათზე ნიუ ჯერსიში მოხდა. ვერტმფრენმა აფრენიდან 15 წუთში ჯორჯ ვაშინგტონის ხიდამდე მიაღწია, რის შემდეგაც ჩამოვარდა.

Bell 206-ის ტიპის ვერტმფრენი ამ დღეს უკვე მეექვსე ფრენას ასრულებდა. წყაროების თქმით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი მაშველებმა ნიუ-ჯერსის სანაპიროსთან ახლოს გადაბრუნებულ მდგომარეობაში იპოვეს.

Siemens-ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ესკობარი ესპანეთისა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპის განყოფილების აღმასრულებელ დირექტორად 2022 წელს დაინიშნა.

შემთხვევას სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებს. 

კომენტარები