მოლდოვა

ევგენია გუცული იზოლატორიდან შიდაპატიმრობაში გადაიყვანეს

მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ევგენია გუცული

მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის რესპუბლიკის ლიდერი ევგენია გუცული სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი დაკავების იზოლატორიდან შიდაპატიმრობაში გადაიყვანეს.

კიშინიოვის სასამართლომ პრორუს პოლიტიკოსს 20 დღით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

გუცულის ადვოკატის თქმით, "აღმკვეთი ღონისძიება დაუსაბუთებელი და უკიდურესად მკაცრია".

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა გუცულისთვის პატიმრობის 30 დღემდე გახანგრძლივებას ითხოვდა.

ევგენია გუცული 26 მარტს კიშინიოვის აეროპორტში ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

წინასწარ პატიმრობაში მყოფმა პრორუსმა პოლიტიკოსმა დახმარებისთვის ჯერ ვლადიმირ პუტინის, მოგვიანებით კი რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართა.

გუცულის დაკავებიდან მცირე დროში მოლდოვამ რუსეთის საელჩოდან სამი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. პასუხად რუსეთმა ანალოგიურად 3 მოლდოველი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.


გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გუცული ღიად პრორუსი პოლიტიკოსია.

2024 წელს ის რამდენჯერმე ჩავიდა მოსკოვში, ერთ-ერთ ვიზიტზე გუცული ვლადიმირ პუტინს შეხვდა. გაგაუზიის ლიდერი პირველი მოლდოველი ოფიციალური პირია, რომელიც რუსეთში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩავიდა.

გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკა 1994 წელს დაარსდა, აქამდე მათ სეპარატისტული მისწრაფებები ჰქონდათ. რეგიონი ეთნიკური უმცირესობით, გაგაუზებით არის დასახლებული. 2023 წლის არჩევნებში პრორუსულმა პარტია შორმა გაიმარჯვა, რომლის წარმომადგენელი ევგენია გოცული რესპუბლიკის ბაშკანი გახდა. გოცულს არა ერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ემხრობა.

ვრცლად, მოლდოვაში არსებულ სეპარატიზმზე, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაზე წაიკითხეთ აქ – დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.

კომენტარები