აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა 9 აპრილს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა იმ ფონზე, როცა ორი დღით ადრე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ გეგმები დააანონსა.
დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, აშშ ირანში მოქმედ ხუთ სუბიექტსა და ერთ პირს ირანის ბირთვული პროგრამის მხარდაჭერისთვის დაასანქცირებს, ხოლო მიღებული ზომების მიზანი ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვებაში ხელის შეშლაა.
განცხადებაში დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ხსენებული სუბიექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მანამდე უკვე დასანქცირებული ორი ობიექტის - ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციისა (AEOI) და მის დაქვემდებარებაში მყოფი ირანის ცენტრიფუგის ტექნოლოგიური კომპანიის (TESA) - მხარდაჭერაში.
ტრამპმა 7 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა 12 აპრილს გაიმართება, თუმცა მას შეხვედრის ადგილი არ დაუკონკრეტებია.
მოგვიანებით, გამოცემა Reuters ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანი აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს, "პროგრესისადმი მცირე იმედით და აშშ-ს მიმართ ღრმა ეჭვებით" უყურებს.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, თეირანს სურს პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-სგან კონკრეტული ნაბიჯები იხილოს.
"ირანელებმა გვითხრეს, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა კეთილი ნების გამოხატვა – ზოგიერთი სანქციის მოხსნა ან გაყინული თანხების განბლოკვა". - უთხრა Reuters-ს ანონიმურმა რეგიონულმა დიპლომატმა.
NBC News-ის ინფორმაციით, 30 მარტს, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით დაემუქრა, თუკი ისინი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ დადებენ.
"თუ ისინი [ირანი] შეთანხმებას არ დადებენ, დაბომბვა იქნება და ისეთი სახის დაბომბვა იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ". - ციტირებს ტრამპს NBC News-ის წამყვანი კრისტენ უელკერი.
7 მარტს დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება სურდა და დაამატა, რომ წინა დღით ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით იმედს გამოთქვამდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით ან შეთანხმების მიღწევით.
ამასთან, 19 მარტს Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.





