აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ისთვის თეთრ სახლში წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლე ტრევორ მაკფედენის გადაწყვეტილება თეთრ სახლს ავალდებულებს, აღადგინოს AP-ის წვდომა ოვალურ ოფისზე, საჰაერო ხომალდ Air Force One-ზე და სხვა შეზღუდულ სივრცეებზე.
"პირველი შესწორების თანახმად, თუ მთავრობა ხსნის კარს ზოგიერთი ჟურნალისტისთვის, იქნება ეს ოვალური ოფისი, აღმოსავლეთის ოთახი, თუ სხვა ადგილი, ის ვერ დახურავს ამ კარს სხვა ჟურნალისტებისთვის მათი შეხედულებების გამო". - განაცხადა მაკფედენმა.
მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ AP-ისთვის წვდომის შეზღუდვამ და იმ საინფორმაციო ოვალურ ოფისშ მიმდინარე მოვლენებიდან გამოთიშვამ სააგენტოს საქმიანობას სერიოზული ზიანი მიაყენა.
"ეს არის ეგზისტენციური კრიზისი საინფორმაციო სააგენტოსთვის, რომლის წარმატება ინფორმაციის სწრაფ გავრცელებაზეა დამოკიდებული". - აღნიშნა მოსამართლემ.
მოსამართლემ განკარგულების ძალაში შესვლა ხუთი დღით გადადო, რათა ტრამპის ადმინისტრაციას ჰქონდეს საშუალება სურვილის შემთხვევაში გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
ცნობისთვის, 12 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში დაგეგმილ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებზე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა ეპასუხა, AP-ის ჟურნალისტი არ შეუშვეს.
ტრამპის ადმინისტრაცია 12 თებერვლამდეც დაიმუქრა იმის შესახებ, რომ AP-ის ჟურნალისტებს თეთრი სახლის ღონისძიებებიდან დაბლოკავდა, თუ მექსიკის ყურის "ამერიკის ყურედ" მოხსენიებას არ დაიწყებდა.
ცნობისთვის, ტრამპის 20 იანვრის აღმასრულებელი ბრძანებით, სახელი შეეცვალა მექსიკის ყურეს და მას ამერიკის ყურე დაერქვა.





