ირანი აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს, "პროგრესისადმი მცირე იმედით და აშშ-ს მიმართ ღრმა ეჭვებით" უყურებს. ამის შესახებ Reuters ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, თეირანს სურს პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-სგან კონკრეტული ნაბიჯები იხილოს.
"ირანელებმა გვითხრეს, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა კეთილი ნების გამოხატვა – ზოგიერთი სანქციის მოხსნა ან გაყინული თანხების განბლოკვა". - უთხრა Reuters-ს ანონიმურმა რეგიონულმა დიპლომატმა.
7 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის 12 აპრილს უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართება.
მანამდე, 7 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება სურდა და დაამატა, რომ წინა დღით ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით იმედს გამოთქვამდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით ან შეთანხმების მიღწევით.
ამასთან, 19 მარტს Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.





