საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: ეკლესია არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, "ზოგადად, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული" და წელსაც, გადახდილი იქნება პანაშვიდებიც და პარაკლისებიც როგორც 9 აპრილის მემორიალთან, ასევე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახ. ტაძარში და საქართველოს სხვა ეკლესია-მონასტრებში.

"ა.წ. 6 აპრილს, ბ-მა პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, 9 აპრილს სამშობლოსთვის შეწირულთა სულების საოხად და მომხდარი ტრაგედიის გახსენების მიზნით, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო; მაგრამ ბ-ნ პაატას ბოლო განცხადებითვე, იგი 8-9 აპრილს აანონსებს თავისი პოლიტიკური ბრძოლის წამოწყებას და აკეთებს მოწოდებებს ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ზარების დარეკვაც მისთვის, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში მოიაზრება;

მიუხედავად ცალკეული სასულიერო პირებისგან დაფიქსირებული ამა თუ იმ პოზიციისა, ზოგადად, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული. მას აქვს მრევლის და, შესაძლებლობის ფარგლებში, ქვეყნის გაერთიანებისთვის ზრუნვის მოვალეობა და საღვთო სწავლების მიხედვით მოქმედების უფლება; ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

1989 წლიდან მოყოლებული, 9 აპრილი გამორჩეულ დღედ იქცა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში;

ამასთან დაკავშირებით, წელსაც, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით, ტრადიციისამებრ, გადახდილი იქნება პანაშვიდებიც და პარაკლისებიც როგორც 9 აპრილის მემორიალთან, ასევე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახ. ტაძარში და საქართველოს სხვა ეკლესია-მონასტრებში". - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ პალიტრანიუსის ეთერში, 8-9 აპრილის ღამის აქციის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ 8 აპრილს, 00:00 საათზე, როცა დაიწყება 9 აპრილი, რუსთაველზე იქნება სიტყვით გამოსვლები 04:00 საათამდე. ბურჭულაძის თქმით, ზუსტად 04:00 საათზე დარეკავს ქაშვეთის ზარები, "საპატრიარქო არის ჩვენთან ერთად, უწმინდესმა მოგვცა კურთხევა".

კომენტარები