5 აპრილს ესტონეთმა გააძევა რუსი ნაციონალისტი, კონსტანტინ გორლოვი, რადგან ის "ესტონეთის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს წარმოადგენდა".
გორლოვს ესტონეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვა ჩამოერთვა და ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
გამოცემა ERR აღნიშნავს, რომ 10 მარტს სასამართლომ გორლოვი სოციალურ ქსელ TikTok-ში რუსეთის საერთაშორისო დანაშაულის გამართლებაში დამნაშავედ ცნო და 800 ევროთი დააჯარიმა. გორლოვს ასევე ბრალად ედება, რომ გასული წლის 18 აგვისტოს TikTok-ზე "აგრესიისა და გენოციდის სიმბოლოს - რუსეთის ფედერაციის გერბის ელემენტს" აჩვენებდა.
ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა, მართა ტუულმა ERR-სთან საუბრისას თქვა, რომ გორლოვი დიდი ხნის განმავლობაში ეროვნულ შუღლს აღვივებდა და ესტონეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მისივე თქმით, გორლოვი რუსეთის სამხედრო მიზნებსა და პროპაგანდას უჭერს მხარს და რუსეთის სპეცსამსახურებისა და შეიარაღებული ძალების ინტერესებში მოქმედ პირებთან კავშირი აქვს.
"კერძოდ, გორლოვმა შექმნა და განავითარა საბრძოლო კლუბი, რომელიც ასოცირებულია "რუსულ იმპერიულ ლეგიონთან", რომლის წვრთნებიც ცივი იარაღით ბრძოლასა და მედიცინას მოიცავს. გარდა ამისა, გორლოვი აქტიურად არის ჩართული სოციალურ ქსელებში რუსული პროპაგანდის სასარგებლოდ". - თქვა ტუულმა.
მანამდე, 26 მარტს ესტონეთის პარლამენტში მხარი დაუჭირეს კონსტიტუციურ შესწორებას, რომლითაც ევროკავშირის არამოქალაქე პირებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აღარ ექნებათ. 101-ადგილიან პალატაში კანონპროექტს 93-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც პარლამენტის დარბაზში ტაში მოჰყვა.
ცნობისთვის, ესტონეთში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 1.3 მილიონს შეადგენს, 80 000 რუსეთის მოქალაქეს აქვს ბინადრობის უფლება.





