რუსეთი-სერბეთი

ზახაროვა უკმაყოფილია ვუჩიჩის სიტყვებით, იუგოსლავიის გათავისუფლებაში წითელი არმიის როლზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ უკმაყოფილება გამოთქვა სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის სიტყვებთან დაკავშირებით.

გასულ დღეს, 2 აპრილს გამოქვეყნდა ვუჩიჩის ინტერვიუ მარიო ნაუფალთან. საუბრის დროს სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იუგოსლავიის ნაცისტური გერმანიის ჯარებისგან გათავისუფლებაში საბჭოთა არმიის დახმარება შეზღუდული იყო.

"ჩვენ გვეხმარებოდა წითელი არმია, მაგრამ ძირითადად ჩვენი არმია [მოქმედებდა]." – თქვა ვუჩიჩმა და ჟურნალისტის შეკითხვას, იყო თუ არა წითელი არმიის დახმარება შეზღუდული, დადებითად უპასუხა.

3 აპრილს ზახაროვა ამ სიტყვებს გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსი და სერბი ხალხი მეორე მსოფლიო ომში "ერთად იბრძოდა".

"მე არ განვსჯი, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები, მათი წვლილი, მათი ცხოვრება, მათი სიმამაცე შეზღუდული თუ შეუზღუდავი. ისინი წირავდნენ საკუთარ სიცოცხლეს, ლიმიტებზე ფიქრის გარეშე. ეს ნამდვილად ასეა. და მე მსურს ვთქვა, რომ ისინი მტრის წინააღმდეგ სერბებთან ერთად იბრძოდნენ." - თქვა ზახაროვამ და დაამატა, რომ ვუჩიჩის სიტყვების ციტირება ყურადღებით უნდა მოხდეს, რადგან "ეს თემა ძალიან რთულია".

ზახაროვას თქმით, კარგი იქნება, თუ სერბი მაღალჩინოსნები მათი ქვეყნის ისტორიაში რუსეთის როლს არ დაივიწყებენ და შესაბამის სიტყვებს გამონახავენ.

"კარგი იქნება, ჩვენმა სერბმა კოლეგებმა სწორი სიტყვები გამონახონ იმისთვის, რომ არ დაივიწყონ წითელი არმიისა და ზოგადად ჩვენი ერის როლი მათი ქვეყნის გათავისუფლებაში." - თქვა ზახაროვამ.

7 მარტს კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ალექსანდარ ვუჩიჩი ნაციზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს მოსკოვს ეწვება და სამხედრო პარადში მონაწილეობას სერბეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც მიიღებენ.

 

კომენტარები