რუსეთი-სერბეთი

კურგანის გუბერნატორი: სერბეთი EU-ში კი არა, რუსეთის შემადგენლობაში შესვლას უნდა აცხადებდეს

ვადიმ შუმკოვი

რუსეთის კურგანის ოლქის გუბერნატორი, ვადიმ შუმკოვი საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოეხმაურა სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის სიტყვებს, თითქოს დასავლეთი ბელგრადს აშანტაჟებს, რომ კოსოვოს საკითხის დარეგულირების გარეშე, მათ ევროკავშირში არ შეუშვებენ.

"სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანების განზრახვას კი არა, ჯერ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, შემდეგ კი, თანმიმდევრულად, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას უნდა აცხადებდეს. მომდევნო დღესვე მთელი ევროამალა მათ ზღურბლზე ბრახუნს დაიწყებს.

სერიოზულად რომ ვთქვათ, სლავები, რომლებმაც აღმოსვლეთით, წყნარი ოკეანიდან, თითქმის, დასავლეთით, ატლანტიკამდე უზარმაზარი ტერიტორია დაიკავეს, ყველაზე ენერგიულ ეთნიკურ ჯგუფად იქცნენ. მაგრამ შემდეგ სუსტ, დაბეჩავებულ და გარედან მართვად სახელმწიფოებად დაიშალნენ, რომელთა ნაწილიც გაკათოლიკდა, ოსმალთა ან რომელიმე უფრო ძლიერი დასავლური იმპერიის მფარველობის ქვეშ მოხვდა, ამავდროულად, ყველაზე დანაწევრებულ ეთნოჯგუფად იქცნენ. გარე ძალები ერთმანეთის წინააღმდეგ აპირისპირებდნენ, რათა არანაირად გახსენებოდათ სისხლით ნათესაობა და ერთიანობა". – დაწერა შუმკოვმა.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ამ საკითხს უკომენტაროდ დატოვებდა.

სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2009 წელს გააკეთა და კანდიდატის სტატუსი 2012 წელს მიიღო. მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. პროცესს ართულებს დაძაბულობა სერბეთსა და კოსოვოს შორის.

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა. კოსოვოელ სერბთა ნაწილი პრიშტინას ძალაუფლებას არ აღიარებს.

კომენტარები