რუსეთი-სერბეთი

EU-ს წევრობის კანდიდატმა სერბეთმა რუსეთთან საგარეო პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერა ხელი

სერგეი ლავროვი და ნიკოლა სელაკოვიჩმა
AP

სერბეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ორმხრივი "კონსულტაციების" შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ნიკოლა სელაკოვიჩმა და სერგეი ლავროვმა შეთანხმებას ხელი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის პარალელურად მოაწერეს.

სერბეთის საგარეო უწყების განცხადებით, შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსულტაციო გეგმის შესრულება 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სერბეთი ოფიციალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, თუმცა, რუსეთთან ურთიერთობას კვლავ ინარჩუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ სერბეთის ხელისუფლებამ საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ არაერთხელ თქვეს უარი მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლეთის სანქციებთან შეერთებაზე.

სერბული და რუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში შეხვედრისას "ყურადღება გაამახვილეს რუსეთ-სერბეთის ურთიერთობების შემდგომ დინამიკურ განვითარებაზე".

სერბეთის პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების აზრით, რუსეთთან ახალი შეთანხმების ხელმოწერა ნიშანია, რომ პრეზიდენტი ვუჩიჩი უარს ამბობს ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციაზე და ქვეყანას მოსკოვთან აახლოებს.

სერბეთის თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის (SSP) განცხადებით, "წარმოუდგენელია", რომ როცა მსოფლიოს დიდი ნაწილი შიშით ადევნებს თვალს უკრაინაში რუსეთის ქმედებებს, სერბეთმა ხელი მოაწერა კონსულტაციების შეთანხმებას ქვეყანასთან, რომელიც "პირდაპირ არღვევს გაეროს წესდებას და აპირებს უკრაინის ტერიტორიულ ანექსიას".

საერთაშორისო ექსპერტებისა და მედიის შეფასებით, სერბეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, როგორც გზა ბალკანეთის დესტაბილიზაციისთვის და პოტენციურად უკრაინის ომიდან მსოფლიოს ყურადღების გადასატანად.

კომენტარები