აშშ-ჩინეთი

AP: აშშ-მ ჩინეთში სამთავრობო პერსონალს ჩინეთის მოქალაქეებთან სექსუალური კონტაქტი აუკრძალა

აშშ-ს საელჩო ჩინეთში

Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-მ ჩინეთში სამთავრობო პერსონალს, ასევე მათ ოჯახის წევრებისა და უსაფრთხოების საშვის მქონე კონტრაქტორებს ჩინეთის მოქალაქეებთან რომანტიკული ან სექსუალური ურთიერთობები აუკრძალა. გამოცემის მიხედვით, უცხო ქვეყანაში აშშ-ს პერსონალისთვის მსგავსი საყოველთაო აკრძალვა ცივი ომის შემდეგ არ მომხდარა. 

ამ საკითხზე ინფორმირებულმა ოთხმა პირმა AP-ს განუცხადა, რომ ეს პოლიტიკა აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ნიკოლას ბერნსმა იანვარში, ჩინეთიდან წასვლამდე ცოტა ხნით ადრე გამოაცხადა.  

გამოცემის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ზოგიერთ სააგენტოს ასეთ ურთიერთობებზე მკაცრი შეზღუდვები უკვე ჰქონდა, ცივი ომის შემდეგ მსგავსი საყოველთაო აკრძალვის პოლიტიკა საჯაროდ ცნობილი არ ყოფილა. სხვა ქვეყნებში ამერიკელი დიპლომატების ადგილობრივ მოქალაქეებთან რომანტიკულ ურთიერთობაში ყოფნა და მათთან ქორწინებაც კი არ არის იშვიათი.

AP წერს, რომ ამ პოლიტიკის უფრო შეზღუდული ვერსია გასულ ზაფხულს დაწესდა. მაშინდელი პოლიტიკა  აშშ-ს პერსონალს ჩინეთის მოქალაქეებთან, რომლებიც აშშ-ს საელჩოსა და ხუთ საკონსულოში დაცვისა და სხვა დამხმარე პერსონალის როლში მუშაობდნენ, "რომანტიკულ და სექსუალურ ურთიერთობებს" უკრძალავდა. თუმცა, ბერნსმა ეს აკრძალვა გააფართოვა და 2025 წლის იანვარში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სრულად აკრძალა ასეთი ურთიერთობები ნებისმიერ ჩინეთის მოქალაქესთან.

გამოცემის მიხედვით, იმ ამერიკელ პერსონალს, რომელიც ჩინეთის მოქალაქესთან რომანტიკულ ურთიერთობაში უკვე იმყოფება, შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ გამონაკლისის მიღებისთვის. განაცხადის უარყოფის შემთხვევაში, მათ ან უნდა შეწყვიტონ ურთიერთობა, ან დატოვონ თავიანთი თანამდებობა.  

ამ აკრძალვის შესახებ ინფორმირებულმა ორმა პირმა AP-ს განუცხადა, რომ ეს პოლიტიკა პირველად გასულ ზაფხულს განიხილეს მას შემდეგ, რაც კონგრესის წევრები ბერნსს დაუკავშირდნენ და შეშფოთება გამოთქვეს, რომ არსებული შეზღუდვები საკმარისად მკაცრი არ იყო.

AP წერს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა კომენტარისგან თავი შეიკავა და სახელმწიფო დეპარტამენტმაც შიდა საკითხებზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში ნიკოლას ბერნსმა არ უპასუხა AP-ს მიერ მისთვის გაგზავნილ მოთხოვნას კომენტარზე.

კომენტარები