რეჟიმის პატიმრები

რეჟიმის პატიმრების ოჯახები: ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ პროტესტის რადიკალურ ფორმებს

პარლამენტის შენობასთან რეჟიმის მშობლებმა და ოჯახის წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. 

ისინი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობას - სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის აარსებენ და ახალ წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებენ. 

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების განცხადება 2 ნაწილისგან შედგებოდა. განცხადების პირველ ნაწილში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაზე ისაუბრეს და დააანონსეს, რომ 8 აპრილს, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან და ღამეს გაათევენ.

განცხადების მეორე ნაწილში კი რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა პოლიტიკურ პარტიებს, საპატრიარქოს, მოქალაქეებს, საერთაშორისო პარტნიორებს, სტუდენტებსა და ივანიშვილის რეჟიმს მიმართეს. 

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები, ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაერთიანდნენ 3 მთავარი მიზნის გარშემო, რომლებიცაა: ახალი არჩევნები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ბოიკოტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა ასევე მიმართეს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტებს, გამოვიდნენ ქუჩაში და გააპროტესტონ ქვეყნის პოლიტიკური კურსის ევროპიდან რუსეთისკენ ცვლილება, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, ასევე ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონები. 

ასევე მოუწოდეს ბიზნესმენებს, ნუ დააფინანსებენ რეჟიმს. მხარდაჭერის თხოვნით, მიმართეს საჯარო მოხელეებს

"ევროკავშირის ქვეყნებსა და დასავლეთის სახელწმიფოებს მოგიწოდებთ და გთხოვთ, ვიდრე არალეგიტიმური, რუსული რეჟიმი მოახდენს ჩვენი ქვეყნის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას, მოახდინოთ მყისიერი და სწრაფი რეაგირება, მკაცრი ფინანსური და ეკონომიკური სანქციები გაავრცელოთ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, მისი ბიზნესპარტნიორების, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების, ასევე მისი კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და სისტემის ძალადობაში მხილებული ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების, ასევე რეჟიმის სასამართლოს, პროკურატურის, პროპაგანდისტული ტელევიზიებისა და პროპაგანდის მიმართ". - ნათქვამია განცხადებაში. 

მათ ასევე მოუწოდეს რეჟიმს გაათავისუფლონ სინდისის პატიმრები და დანიშნოს ახალი არჩევნები. 

"იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას, მაშინ ქვეყანაში განვითარებულ ნებისმიერ მოვლენაზე, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მას. ქვეყანაში რევოლუციას აწყობს არა ხალხი, არამედ ხელისუფლების უსამართლო და უგუნური გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ქვეყანაში მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ტვირთი მთლიანად დაეკისრება თვითმარქვია ოცნების ხელისუფლებას.

ჩვენ, ლეგიტიმური და სამართლიანო მოთხოვნების უგულვებელყოფის შემთხვევაში, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ვიტოვებთ უფლებას მივმართოთ პროტესტის უფრო მკაცრ და რადიკალურ ფორმებს: სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას, საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეტვას, კორუმპირებული ჩინოვნიკების, დასანქცირებული და ასევე კორუმპირებული მოსამართლეებისა და პროკურორების, მინისტრებისა და სხვა ჩინოვნიკებისთვის ყველგან და ყოველთვის დისკომფორტის შექმნას" - ნათქვამია განცხადებაში.

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა, ასევე თხოვნით მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს, შეასრულოს პოზიტიური როლი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში, მოახდინონ ერის კონსოლიდაცია და შერიგება. 

"ილია მეორეს, როგორც ერის სულიერ მამას ხელეწიფება დაარიგოს ხელისუფლება და მიაღებინოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - განთავისუფლდნენ სინდისის პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები". - ნათქვამია რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების განცხადებაში.

კომენტარები