65 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ველ კილმერი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი პნევმონია გახდა.
კილმერს ადრეული ასაკიდან ჰქონდა მსახიობობა გადაწყვეტილი. ის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყო იმ დროისთვის, რომელიც ჯულიარდის სახელობის მუსიკისა და ხელოვნების სკოლაში მიიღეს.
სწავლის პარალელურად კილმერმა თეატრში თამაში დაიწყო, სახელი გაითქვა სპექტაკლებში, რომლებიც ბროდუეის გარეთ იდგმებოდა.
რამდენიმე სატელევიზიო და სარეკლამო როლის შემდეგ ითამაშა კომედიაში Top Secret!. მთავარმა როლმა მსახიობს მაყურებლისა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მოუტანა.
1986 წელს შეასრულა მეორეხარისხოვანი როლი საკულტო ფილმ Top Gun-ში. 1988 წელს ითამაშა ფენტეზი ფილმში Willow.
მსახიობის ერთ-ერთ საუკეთესო პერფორმანსად ითვლება ოლივერ სტოუნის ბიოგრაფიულ ფილმ The Doors-ში შესრულებული ჯიმ მორისონის როლი.
კილმერისთვის 1990-იანი წლების პირველი ნახევარი ნაყოფიერი გამოდგა. მსახიობი ბეტმენის როლზე დაამტკიცეს, 1995 წელს Batman Forever გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს გეგმის მიხედვით რამდენჯერმე უნდა ეთამაშა ბეტმენი, ერთი ფილმის შემდეგ როლზე უარი თქვა, ვინაიდან აღარ უნდოდა ნიღბიანი გმირის თამაში, რომლის განსახიერებას სამსახიობო ოსტატობა თითქმის არ სჭირდება.
2000-იანი წლებში კილმერმა ნელ-ნელა პოპულარობა დაკარგა, თამაშობდა მეორეხარისხოვან როლებს, ხშირად დაბალბიუჯეტურ უხარისხო ფილმებში.
2014 წელს მსახიობს ყელის კიბო დაუდგინეს, მას ოპერაციის გაკეთება და ქიმიოთერაპიის კურსების გავლა მოუწია. კილმერმა სიმსივნე დაამარცხა, მაგრამ ნაწილობრივ დაკარგა ხმა, რაც კიდევ უფრო უშლიდა ეკრანებიდან ფაქტიურად გამქრალ მსახიობს როლების მიღებაში.
2021 წელს კილმერის შესახებ გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Val, ემოციურმა სურათმა მსახიობის ცხოვრების შესახებ დადებითი შეფასებები მიიღო.
2022 წელს მსახიობი ბოლო კინოროლი Top Gun 2-ში შეასრულა.
თითქმის 40-წლიანი კარიერის განმავლობაში მსახიობს არც ერთი მსხვილი კინოდაჯილდოების ნომინაცია არ მიუღია, მიუხედავად ამისა, მისი ფილმოგრაფია გაჯერებულია საკულტო ფილმებითა და პოპულარული როლებით.