ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვის პროცესი გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ, მათ შორის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე, რომელმაც უშუალოდ დააკავა ამაღლობელი.
ბერდია ფერაძის თქმით, ირაკლი დგებუაძე შემთხვევიდან 10-15 წუთის შემდეგ ნახა და მას "აღენიშნებოდა სიწითლე მარჯვენა ლოყასა და ყურზე". ასევე გამოიკითხა პოლიციელი თამარ კერესელიძე, რომელმაც მზია ამაღლობელი გაჩხრიკა და მისი დაკავების ოქმი შეადგინა. კერესელიძემ დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ ამაღლობელის დაკავების დროს ადგილზე არ ყოფილა.
მისი განმარტებით, მას დაურეკეს და უთხრეს მისულიყო, რადგან დაკავებული "იყო მდედრობითი სქესის, იმავე სქესის პრინციპის დაცვით, იმავე სქესის გამომძიებლის მიერ მომხდარიყო დაკავების და ჩხრეკის ოქმის შედგენა".
კერესელიძეს ამაღლობელის ადვოკატმა განუმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ჩანაწერის მიხედვით, დაკავების ოქმი უნდა შეადგინოს დამკავებელმა. ასევე ჰკითხა ხშირად არის თუ არა მის პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც ავსებს ოქმებს იმ საქმეებზე, რასაც პირადად არ შესწრებია. კერესელიძემ ადვოკატს უპასუხა, რომ "საკმაოდ ჰქონია" ასეთი შემთხვევები.
კერესელიძემ ასევე თქვა, რომ ამაღლობელს ბორკილები თავად დაადო.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დასაშვებად ცნო დაცვის მხარის მტკიცებულებები. ასევე საქმეს დაერთო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სხდომის ოქმი.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პოლიციელების გოჩა ვანაძის და ნოდარ ზენაიშვილის დაკითხვაზე. აღნიშნულმა პოლიციელებმა სასამართლოს ჩვენება ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში მისცეს.
მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესები - 7, 14 და 28 აპრილს, ასევე 8 და 16 მაისს ჩაინიშნა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები იყვნენ მზია ამაღლობელის მხადამჭერები. დღევანდელ პროცესს ასევე ესწრებოდნენ ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.





