პაკისტანი წელს ქვეყნიდან სამი მილიონი ავღანელის გაძევებას გეგმავს. მთავრობის მიერ ავღანელი მოქალაქეებისთვის, დედაქალაქიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან ნებაყოფლობით გასვლის ვადა დღეს, 31 მარტს ამოიწურა.
ეს არის ბოლო ნაბიჯი პაკისტანის სადეპორტაციო პოლიტიკაში, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და რომლის მიზანი პაკისტანში უკანონოდ მცხოვრები უცხოელების, ძირითადად ავღანელების, გაძევებაა.
დაკავებები და დეპორტაციები პირველი აპრილიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა Associated Press-ის მიერ ნანახი დოკუმენტების მიხედვით, რამადანის დღესასწაულის გამო, ეს პროცესი 10 აპრილამდე გადაიდო.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში პაკისტანი დაახლოებით 845,000 ავღანელმა დატოვა.
პაკისტანის ინფორმაციით, ქვეყანაში კვლავ 3 მილიონი ავღანელი ცხოვრობს. მათგან 1 344 584-ს აქვს რეგისტრაციის დამადასტურებელი ბარათი, 807 402-ს კი ავღანეთის მოქალაქის ბარათი. კიდევ 1 მილიონი ავღანელი ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე ცხოვრობს.
პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ავღანელები, რომლებიც გაძევდებიან, უკან ვეღარ დაბრუნდებიან, ხოლო მათ ვინც ქვეყანას თავისი ნებით დატოვებს, მთავრობა კანონიერი გზებით უკან დაბრუნების შესაძლებლობას უტოვებს.





