ავსტრალია

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ახალი საპარლამენტო არჩევნები 3 მაისს დანიშნა

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, ენტონი ალბანესმა 28 მარტს განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები 3 მაისს გაიმართება.

"სიმტკიცისა და გამძლეობის წყალობით, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოავლინა, ავსტრალია უმკლავდება სირთულეებს. ახლა კი, 3 მაისს, თქვენ მომავლის გზას აირჩევთ". - აღნიშნა ალბანესმა კონფერენციაზე.

მანამდე, პრემიერმინისტრი ქვეყნის გენერალ-გუბერნატორს, სემ მოსტინს შეხვდა, რათა ოფიციალურად ეთხოვა არჩევნების დანიშვნა, როგორც ამას კონსტიტუცია მოითხოვს. გენერალ-გუბერნატორი ავსტრალიის სახელმწიფოს მეთაურს, გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზს წარმოადგენს.

ავსტრალიის 2022 წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელსაც პრემიერმინისტრი წარმოადგენს, უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, ლეიბორისტებს ლიბერალ-ნაციონალური კოალიცია უწევს კონკურენციას.

ალბანესმა ბოლო თვეების განმავლობაში ოჯახებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად საგადასახადო შემცირებები გამოაცხადა. 

"ჩვენმა მთავრობამ გლობალური გამოწვევების ავსტრალიური გზით დაძლევა აირჩია, ვეხმარებით ხალხს ცხოვრების ხარჯების ზრდის პირობებში, პარალელურად ვაშენებთ მომავალს". - განაცხადა ალბანესმა.

თებერვალში ავსტრალიის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად შემცირდა საპროცენტო განაკვეთი.

პრემიერმინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ლიბერალებისა და ნაციონალების კოალიცია გააუქმებს მთავრობის პროგრამებს და უარს იტყვის საგადასახადო შემცირებებზე. 

ალბანესის მთავარი მეტოქე ლიბერალური პარტიის ლიდერი და ყოფილი პოლიციელი პიტერ დატონია, რომელიც ლიბერალ-ნაციონალურ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. 

დატონის თქმით, მისი მთავრობის პრიორიტეტი მცირე ბიზნესებისა და ოჯახებისთვის ენერგიის ხარჯების შემცირება იქნება. "თუ ენერგია ძვირი და არასანდოა, ეს ეკონომიკისთვის კატასტროფაა". - განაცხადა მან.

დატონმა პირობა დადო, რომ საწვავზე აქციზის გადასახადის შეამცირებს, რაც, მისი თქმით, უფრო სწრაფად შეუმსუბუქებს ტვირთს ოჯახებს, ვიდრე ლეიბორისტების გადასახადების შემცირების გეგმა, რომელიც მომავალ წელს ამოქმედდება.

კომენტარები