უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის სადაზვერვო ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსეთი სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე ახალი თავდასხმებისთვის ემზადება.
ამის შესახებ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებების შემდეგ და პარიზში დაგეგმილი უკრაინის მხარდასაჭერად "მსურველთა კოალიციის" სამიტის წინ ისაუბრა. სამიტში 30-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.
"ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე ახალი თავდასხმებისთვის ემზადება. ისინი აჭიანურებენ მოლაპარაკებებს და ცდილობენ, რომ აშშ ყალბი "პირობების" შესახებ უსასრულო უაზრო დისკუსიაში ჩაითრიონ, რათა დრო მოიგონ, შემდეგ კი მეტი მიწის ხელში ჩაგდება სცადონ". - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა უნდა გააგრძელონ და მშვიდობის გარანტირებისთვის ძალების განთავსების ერთობლივი გეგმა შეიმუშაონ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას საარტილერიო ჭურვების, დრონებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ერთობლივ წარმოებაში ინვესტიციები სჭირდება.
გუშინ, 27 მარტს, მსურველთა კოალიციის შეხვედრა გაიმართა.
- სტარმერი ამბობს, რომ უკრაინაში განთავსებული ძალები რუსეთის შეკავებისთვის იქნება შექმნილი
- მაკრონი ამბობს, რომ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს უკრაინაში დამზღვევი ძალების გაგზავნა სურთ
- სტარმერი: ახლა რუსეთზე სანქციების მოხსნის დრო არ არის
შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ რამდენიმე ქვეყანამ სთხოვა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს წამყვანი როლი ეთამაშათ უკრაინაში ძალების გაგზავნის საკითხის გარშემო პარტნიორებს შორის კოორდინაციაში და ახლა ეს ორი ქვეყანა ამ ძალისხმევის შემდეგ ეტაპებზე გადაყვანაზეა ფოკუსირებული.
ამავე შეხვედრიდან გამოსულმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ კოალიციის "დამზღვევი ძალები" კონფლიქტის ხაზზე არ იქნება განლაგებული და ისინი კონკრეტულ სტრატეგიულ რეგიონებში განლაგდებიან და სამშვიდობო შეთანხმების აღსრულებისა და რუსეთის შეკავების ფუნქციას შეასრულებენ