კიშინიოვში მოლდოვის ავტონომიური ოლქის, გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გუცული 25 მარტს კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პირველი მისი პოლიტიკური საქმიანობის უკანონოდ დაფინანსებას [რუსეთიდან] ეხება, მეორე კი 2022 წელს კიშინიოვში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობას. გუცული ბრალდებებს უარყოფს და სანდუს ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.
გუცულის დაკავება გასულ კვირაში ორი პრორუსი პარლამენტარის, ალექსანდრ ნესტეროვსკის და ირინა ლოზოვანის "აუხსნელ გაქრობას" მოჰყვა. ნესტეროვსკის გასულ კვირაში კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ლოზოვანი კი მსგავს საქმეზე ვერდიქტს ელოდებოდა.
2024 წელს ევგენია გუცულს სანქციები დაადეს აშშ-მ და ევროკავშირმა.
გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გუცული ღიად პრორუსი პოლიტიკოსია.
გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკა 1994 წელს დაარსდა, აქამდე მათ სეპარატისტული მისწრაფებები ჰქონდათ. რეგიონი ეთნიკური უმცირესობით, გაგაუზებით არის დასახლებული. 2023 წლის არჩევნებში პრორუსულმა პარტია შორმა გაიმარჯვა, რომლის წარმომადგენელი ევგენია გოცული რესპუბლიკის ბაშკანი გახდა. გოცულს არა ერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ემხრობა.
ვრცლად, მოლდოვაში არსებულ სეპარატიზმზე, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაზე წაიკითხეთ აქ – დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.