თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღან მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ვიდეომასალას ასახავს შემთხვევით თბილისის საპროტესტო აქციების კადრები მოხვდა.
ცნობისთვის კვირას, თურქეთის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს პატიმრობა მიუსაჯა - სტამბოლის მერი კორუფციისა და ექსტრემიზმის ბრალდებით 19 მარტს საკუთარ სახლში დააკავეს.
იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში შეკრებაზე ბევრ ქალაქში აკრძალვა ამოქმედდა, ანტისამთავრობო დემონსტრაციები გუშინ, მეხუთე ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ოზგიურ ოზელის თქმით, "ეს ნაბიჯი არის გადატრიალების მცდელობა მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ".
მანამდე, 18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
მამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად თურქეთის თორმეტზე მეტ ქალაქში, მათ შორის, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში, მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიქაიას განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებამ 323 ადამიანი დააკავა.
მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქში 26 მარტამდე გახანგრძლივებულ შეკრებების აკრძალვას არ დაემორჩილნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.