ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ოფლაჰერტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მემორანდუმს აქვეყნებს.
როგორც განცხადებაში წერია, მაიკლ ოფლაჰერტი საქართველოში 21 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა - ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის არსებული ცნობების მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცველი არ იქნა პასუხისგებაში მიცემული მაშინ, როცა პროტესტის მონაწილეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
"კომისარი ხაზგასმით აღნიშნავს მიმდინარე გამოწვევას ნიღბიანი სამართალდამცველების იდენტიფიცირების საკითხთან მიმართებით, ის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ურჩევს, რომ მიიღონ და გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი აქციის მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და აღნიშნული შემთხვევების გამოძიებასთან დაკავშირებით.
კომისარი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს შეკრების თავისუფლების მარეგულირებელი კანონების ბოლოდროინდელი ცვლილებების გამო, რომლებიც გადამეტებულ შეზღუდვებს აწესებს დემონსტრანტების მიმართ, ზრდის სამართალდამცავთა უფლებამოსილებებს და აწესებს უფრო მკაცრ სასჯელს პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის.
ბევრი შესწორება შეუთავსებელია კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან და რეკომენდაციას აძლევს კანონების შესწორებას, რათა ისინი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს". - წერია მემორანდუმში.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მემორანდუმში ასევე საუბრობს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის შესახებ.
არსებული ინფორმაციით, ოფლაჰერტი ამაღლობელს პენიტენციურ დაწესებულებაში ესტუმრა - კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს ამაღლობელის წინასასამართლო პატიმრობის ფაქტზე და აღნიშნავს, რომ "ჟურნალისტებს თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში უნდა შეეძლოთ მუშაობა"
"კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტების სამსახურებრივი მოვალეობის პროცესში შევიწროების ფაქტებზეც - მათ შორის მათი შეურაცხყოფის, ძალადობისა და დაშინების მცდელობებზე პროტესტის განმავლობაში.
მზია ამაღლობელის საქმე, რომელთანაც ოფლაჰერტი პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტით იმყოფებოდა არის ნათელი მაგალითი იმ გამოწვევისა, რის წინაშეც დამოუკიდებელი ჟურნალიზმი დგას.
მისი წინასასამართლო პატიმრობა უსამართლოა, კომისარი მოუწოდებს მთავრობის წარმომადგენლებს უზრუნველყონ ჟურნალისტების თავისუფალი და უსაფრთხო მუშაობა, მათ შორის საჯარო სივრცესა და პროტესტის კონტექსტში
ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და დაიცვას მისი სამართლიანი სასამართლოსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებები". - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.