ივანიშვილის პარლამენტში, წინა ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე მივიდა.
ვაშაძემ გარკვეული დროით, სხდომის დახურვა მოითხოვა. ამ თემაზე სამსჯელოდ, რამდენიმე წუთით დაიხურება თუ არა სხდომა, კომისიამ ასევე დახურულ რეჟიმში უნდა იმსჯელოს.
"მე თქვენ ის თაიმლაინი მოგიტანეთ, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ყოფნის დროს, მოვლენების მიყოლებით გავაკეთე [...] იქ არის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, დაზვერვისა და ჩვენი მოკავშირეების მონაცემები [...]
იქ 2 დოკუმენტია და თუ კომისიის პროცედურა დახურულ რეჟიმს ითვალისწინებს, შემდეგ, როცა მე თქვენ ამ დოკუმენტებს გადმოგცემთ, მინდა, დახურულ რეჟიმში რამდენიმე კომენტარი გავაკეთო - ვფიქრობ, ეს თქვენთვის სასარგებლოც და საინტერესოც იქნება". - უთხრა ვაშაძემ კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს.
კომისიის დღევანდელი განსახილველი თემა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაა. სწორედ აგვისტოს ომის შესახებ უსვამენ კითხვებს ვაშაძეს ივანიშვილის დეპუტატები.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.





