რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, მოსკოვი არ განიხილავს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე კონტროლის უკრაინისთვის ან სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემას.
"სადგურის რუსულ ატომურ ინდუსტრიაში ინტეგრაცია უკვე დამკვიდრებული ფაქტია და საერთაშორისო საზოგადოებას ამის აღიარების გარდა სხვა გზა არ აქვს. ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის უკრაინისთვის ან სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა შეუძლებელია" – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
20 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აღდგენაში აშშ-ს შესაძლო მონაწილეობის საკითხი განიხილა.
19 მარტის ბრიფინგის დროს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა აშშ-სთვის ამ ობიექტის აღდგენაში მონაწილეობის მიღება.
"დიახ, თუ შევძლებთ მის მოდერნიზებას, ინვესტიციის ჩადებას, ამის განხილვა შესაძლებელია, თუმცა ჩვენ მხოლოდ ერთ სადგურზე ვისაუბრეთ" – თქვა ზელენსკიმ.
"წყლით მომარაგება, ტექნიკური პერსონალი და მრავალი სხვა ნაბიჯი იმისთვის, რომ 1.5 ან 2.5 წელიწადში სადგურმა ადამიანების ფულითა და ელექტროენერგიით მომარაგება დაიწყოს. ეს არის ჩემი ხედვა" - თქვა ზელენსკიმ 20 მარტ ჟურნალისტებთან ონლაინ ბრიფინგის დროს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ქვეყნების ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის შესთავაზა, რომ აშშ-მ "ელექტროენერგიისა და კომუნალური მომსახურების სფეროში თავისი გამოცდილების გათვალისწინებით შესაძლოა სადგურის მართვაში დახმარება გაუწიოს". ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ "ამ სადგურების აშშ-ს მფლობელობაში ყოფნა საუკეთესო დაცვა იქნება.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქ ენერჰოდარში, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარეობს, ხოლო უკრაინას მასზე წვდომა არ აქვს.