უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ძალიან პოზიტიური, შინაარსიანი და გულწრფელი საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
ზელენსკის თქმით, მან ტრამპს მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ს წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებისთვის და აღნიშნა, რომ უკრაინამ და აშშ-მ უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ომის რეალური დასასრულისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად.
"ჯიდაში შეხვედრა მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ომის დასრულებისკენ წინსვლაში. შევთანხმდით, რომ უკრაინამ და აშშ-მ უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ომის რეალური დასასრულისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. გვჯერა, რომ აშშ-სთან, პრეზიდენტ ტრამპთან და ამერიკის ლიდერებთან ერთად ხანგრძლივი მშვიდობა წელს იქნება მიღწეული.
პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან საუბრის დეტალები და მთავარი საკითხები, რაც მათ განიხილეს. პირველი ნაბიჯებს შორის ერთ-ერთი, შეიძლება იყოს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა. მე მხარი დავუჭირე ამ ნაბიჯს და უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად ვართ ამის შესასრულებლად. ჩვენმა გუნდებმა ეს ნაბიჯი ჯიდაში შეხვედრაზე განიხილეს. ამერიკულმა მხარემ ასევე შემოგვთავაზა უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზზე და უკრაინა ამ შეთავაზებასაც დათანხმდა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამის განსახორციელებლად. გვჯერა, რომ მსგავსი ნაბიჯები საჭიროა, რათა ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში შეიქმნას შესაძლებლობა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად". - წერს ზელენსკი.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მან ტრამპს გააცნო ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა და მიაწოდა ინფორმაცია რუსული დარტყმების შედეგების შესახებ.
"ვისაუბრეთ კურსკის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, შევეხეთ ტყვეების გათავისუფლებისა და რუსული ძალების მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხს. ასევე განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მდგომარეობა და მისი გაძლიერების შესაძლებლობა. ჩვენ დავავალეთ ჩვენს გუნდებს ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის განხორციელებასა და გაფართოებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადაჭრა. უკრაინული და ამერიკული გუნდები მზად არიან, უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში შეხვდნენ მშვიდობისკენ მიმართული ნაბიჯების კოორდინაციის გასაგრძელებლად". - წერს ზელენსკი.
ამასთან, ზელენსკი აღნიშნავს, რომ მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს მათი მხარდაჭერისთვის.
"აღვნიშნე, რომ უკრაინელებს გვსურს მშვიდობა, რის გამოც უკრაინა დათანხმდა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას. ხაზი გავუსვი, პრეზიდენტ ტრამპის კონცეფციის მნიშვნელობას მშვიდობის ძალის საშუალებით მიღწევის შესახებ. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ მუდმივ კონტაქტს, მათ შორის, უმაღლეს დონეზე და ჩვენი გუნდების მეშვეობით". - წერს ზელენსკი.