რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

კეროლაინ ლივიტი: ტრამპსა და ზელენსკის შორის ფანტასტიური სატელეფონო საუბარი შედგა

თეთრი სახლის სპიკერი კეროლაინ ლევიტი
NPR

თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის დეტალების შესახებ სახელმწიფო მდივნის განცხადება გააცნო.

"დღეს პრეზიდენტ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ტრამპს  ჯედაში უკრაინისა და აშშ-ს ჯგუფების ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპს შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ჯაველინის რაკეტებისთვის, რომელთა მიწოდება პირველად პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და ამერიკა გააგრძელებენ თანამშრომლობას ომის რეალური დასრულებისა და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რაც პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით არის შესაძლებელი.

პრეზიდენტმა ტრამპმა სრულად აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის პუტინთან მისი საუბრისა და განხილული საკვანძო საკითხების შესახებ. მათ განიხილეს მდგომარეობა კურსკში და შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის სტრუქტურებს შორის ინფორმაციას გააზიარებენ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, განსაკუთრებით Patriot-ის სარაკეტო სისტემები და ტრამპი დათანხმდა მასთან თანამშრომლობას, რათა მოძებნოს ხელმისაწვდომი ვარიანტები, განსაკუთრებით ევროპაში.

ლიდერები შეთანხმდნენ ენერგეტიკულ ობიექტებზე ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მომდევნო დღეებში ტექნიკური ჯგუფები შეხვდებიან საუდის არაბეთში, რათა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოება შავი ზღვის არეალში, სრული ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმავალ გზაზე.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განიხილა უკრაინის ელექტროენერგიისა და ბირთვული ელექტროსადგურების საკითხი. მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია  მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს უკრაინას ამ სადგურების მართვაში.

ამ ობიექტების ამერიკულ საკუთრებაში ყოფნა საუკეთესო დაცვა იქნებოდა ამ ინფრასტრუქტურისა და უკრაინული ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერისთვის.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპს ჰუმანიტარული საკითხების, მათ შორის ომის ტყვეების გაცვლის პროცესის, მხარდაჭერისთვის

მან აღნიშნა, რომ მათ ახლახან ჰქონდათ წარმატებული გაცვლა და პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მისი ხელმძღვანელობისთვის ამ მიმართულებით.

ტრამპმა ასევე ჰკითხა ზელენსკის იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც ომის დროს უკრაინიდან გაუჩინარდნენ, მათ შორის იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც გაიტაცეს.

ტრამპმა პირობა დადო, რომ მჭიდროდ იმუშავებს ორივე მხარესთან, რათა უზრუნველყოს ამ ბავშვების სახლში დაბრუნება.

პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს საკუთარი მრჩევლებისა და წარმომადგენლების, განსაკუთრებით სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მაიკ უოლცის, სპეციალური წარმომადგენლის კით კელოგისა და სხვების პოზიტიურ მუშაობას.

პრეზიდენტებმა თავიანთ ჯგუფებს დაავალეს, რომ იმუშაონ ტექნიკურ საკითხებზე, რომლებიც ეხება ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის განხორციელებასა და გაფართოებას.

მათ ხაზი გაუსვეს, რომ შემდგომ შეხვედრებზე ჯგუფებმა უნდა შეათანხმონ ყველა საჭირო ასპექტი, რათა მოხდეს მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა". - თქვა კეროლაინ ლივიტმა, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკ უოლცის განცხადების წაკითხვისას.

კომენტარები