25 მარტს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თანამდებობა მე-7 ვადით დაიკავა მას შემდეგ, რაც იგი ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.
მინსკის დამოუკიდებლობის სასახლეში საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსს "არჩევნების ჩატარების საკუთარი სტანდარტი აქვს, რომელიც შეიძლება საერთაშორისო სტანდარტი გახდეს".
სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკომ თქვა, რომ უზრუნველყოფს ყველას შესაძლებლობას, გამოხატონ საკუთარი აზრები, თუმცა დაამატა, რომ "არ დაუშვებს, სიტყვის თავისუფლება კომბლად იყოს გამოყენებული, რომლითაც ქვეყანას გაანადგურებენ".
მიმდინარე წლის იანვარში ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო დაასახელა. ცესკოს მტკიცებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 86.28% მიიღო.
დანარჩენმა ოთხმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯამში ხმების 8.83% აიღო. ამომრჩეველთა 3.36%-მა შემოხაზა გრაფა "ყველას წინააღმდეგ".
ევროპაში არჩევნები არ აღიარეს. ევროკავშირმა ლუკაშენკოს მიერ ჩატარებულ არჩევნებს "ფიქციური და არალეგალური" უწოდა.
საპრეზიდენტო არჩევნებს ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის დევნილი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელმაც დამოუკიდებელი მონაცემების თანახმად, 2020 წლის არჩევნებზე გაიმარჯვა. ტიხანოვსკაიამ წლევანდელი არჩევნები მოიხსენია, როგორც "რეჟიმის მორიგი სპექტაკლი".
ალექსანდრ ლუკაშენკო დამოუკიდებელი ბელარუსის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია. 1994 წლიდან დღემდე მან 7 საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა. ცესკოს შედეგებით ლუკაშენკო მინიმუმ 2030 წლამდე დარჩება ქვეყნის სათავეში.
არჩევნების დღეს ბელარუსის დიქტატორმა განაცხადა, რომ აღარ აპირებდა კენჭის ყრას, თუმცა სენატის თავმჯდომარეს დაუჯერა:
"ყველანი ვხვდებით, რომ მარადიული არ ვარ. ამ არჩევნებში არ მინდოდა მონაწილეობის მიღება, არ მინდოდა. რამდენიმე თვის წინ, პალატის საბჭოსთან შეხვედრაზე, ეს გადაწყვეტილება გავუზიარე ნატალია კოჩანოვას ვუთხარი: "როდემდე შეიძლება ასე? უკვე 30 წელი გავიდა, ცოტათი უხამსობაა, თითქოს სხვა არავინ არის".





