გამოცემა რადიო თავისუფლების (Radio Free Europe/Radio Liberty) ინფორმაციით, რომელიც ბრიუსელის წყაროებს ეყრდნობა, უნგრეთმა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურობის შესახებ ევროკავშირის ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება დაბლოკა.
გამოცემის თანახმად, განცხადების ტექსტში, რომლის ასლიც RFE/RL-მა მოიპოვა, ეწერა, რომ ბელარუსში გაუჩერებელი და უპრეცედენტო დონის რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევის, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის გამო ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება.
აღსანიშნავია, რომ ერთობლივ განცხადების მხარდაჭერაზე უარს ამბობდა სლოვაკეთიც, თუმცა, მოგვიანებით ქვეყნის წარმომადგენლები განცხადების ხელმოწერაზე შეთანხმდნენ.
ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო დაასახელა. ცესკოს მტკიცებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 86.28% მიიღო.
ევროპაში არჩევნები არ აღიარეს. ევროკავშირმა ლუკაშენკოს მიერ ჩატარებულ არჩევნებს "ფიქტიური და არალეგალური" უწოდა.
საპრეზიდენტო არჩევნებს ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის დევნილი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელმაც დამოუკიდებელი მონაცემების თანახმად, 2020 წლის არჩევნებზე გაიმარჯვა. ტიხანოვსკაიამ წლევანდელი არჩევნები მოიხსენია, როგორც "რეჟიმის მორიგი სპექტაკლი".
ალექსანდრ ლუკაშენკო დამოუკიდებელი ბელარუსის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია. 1994 წლიდან დღემდე მან 7 საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა. ცესკოს შედეგებით ლუკაშენკო მინიმუმ 2030 წლამდე დარჩება ქვეყნის სათავეში.





