საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ზაარბრიუკენისა და თბილისის დაძმობილების ხელშეკრულების 50 წლისთავის ფონზე წერს, რომ ის საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო ზარალდება, თუმცა გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების შენებას აგრძელებს.
"50 წლის წინ ამ დღეს ზაარბრიუკენისა და თბილისის დაძმობილების ხელშეკრულება დაიდო, რომელიც ხალხს აკავშირებს. დღეს ის საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო ზარალდება, რომელსაც გერმანია და ევროკავშირი ადასტურებენ. გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების შენებას გააგრძელებს". - წერს ფიშერი.
მსგავსი შინაარსის განცხადებას ს საქართველოში გერმანიის საელჩოც ავრცელებს, რომელშიც ზაარბრიუკენისა და თბილისის დაძმობილების ისტორია არის განხილული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის სხვა ქალაქებთან დაძმობილებაზე პასუხისმგებლობა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციასთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ეკისრებოდა. საელჩო მწუხარებას გამოხატავს, რომ "გერმანულ-ქართული თანამშრომლობის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე ეს დეპარტამენტი დაიშალა და დიდი ხნის თანამშრომლები გაათავისუფლეს".
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზაარბრიუკენმა გასული წლის დეკემბერში "სოლიდარობა გამოუცხადა იმ ადამიანებს, რომლებიც მის დაძმობილებულ თბილისში მხარს უჭერენ კანონის უზენაესობის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების პროევროპულ კურსს".
იხილეთ საელჩოს სრული განცხადება:
რატომ არის თბილისში ზაარბრიუკენის მოედანი? 50 წლის წინ ამ დღეს, თბილისის მერიაში ზაარბრიუკენსა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულება დაიდო. რა თქმა უნდა, დაძმობილება ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე თანამშრომლობა ორ ქალაქს შორის. ეს პარტნიორობა პირველ რიგში ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანებს. თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის პარტნიორობის გაფორმება ისტორიული და უნიკალური მოვლენა იყო, რადგან ეს იყო მეგობრობის პირველი ოფიციალური ხელშეკრულება დასავლეთ გერმანიის ქალაქსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქალაქს შორის.
საქართველოს დამოუკიდებლობის კვლავ მოპოვებიდან 2024 წლამდე ორივე ქალაქის დელეგაციები რეგულარულად სტუმრობდნენ ერთმანეთს, ერთმანეთთან აგზავნიდნენ ხელოვანებს, ხოლო მუნიციპალიტეტებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინტენსიურად ხდებოდა გამოცდილების გაცვლა.
წლების განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციასთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პასუხისმგებლობაში შედიოდა ქალაქის დაძმობილება ზაარბრიუკენთან და ასევე 20-ზე მეტ სხვა ქალაქთან მთელს მსოფლიოში. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იქ მომუშავე ბევრ თანამშრომელს პროფესიული და თავდადებული შრომისთვის. მათმა მოღვაწეობამ ერთმანეთთან დააახლოვა ქართველები და გერმანელები. გერმანულ-ქართული თანამშრომლობის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე ეს დეპარტამენტი დაიშალა და დიდი ხნის თანამშრომლები გაათავისუფლეს. ჩვენთვის ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.
ზაარბრიუკენმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში თანდართული რეზოლუციით სოლიდარობა გამოუცხადა იმ ადამიანებს, რომლებიც მის დაძმობილებულ თბილისში მხარს უჭერენ კანონის უზენაესობის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების პროევროპულ კურსს.
გერმანიის საელჩო თბილისში გააგრძელებს მუშაობას, რათა ხელი შეუწყოს ქართველი ხალხის სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს ევროპისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობა.