რეჟიმის პატიმრები

სასამართლომ გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა

გიორგი ახობაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მიხეილ ჯინჯოლიამ აქციების დროს დაკავებული ექიმი, გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. დაცვის მხარემ ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 10 000 ლარის ან ნებისმიერი ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ახობაძე პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურის განცხადებით, ახობაძეს წარსულში საზღვრის კვეთა უფიქსირდება, რის გამოც მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლა საფრთხის შემცველია.

"ამხანაგი გობეჯიშვილი [პროკურორი] იძახის, რომ ჩვენი საზღვრები იმდენად მორღვეულია... კი გაეპარათ, ახლა ვიღაც-ვიღაცები, მაგრამ მათ ფულიც ჰქონდათ, კონტაქტებიც და ჯანმრთელობაც, ფიზიკურად არ შემიძლია მე გადაკვეთა. ამის გარდა არსებობს სხვადასხვანაირი საშუალებები, რომლითაც ჩემი ლოკაცია შეგიძლიათ დაადგინოთ". - მიმართა ახობაძემ სასამართლოს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგენენ. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი ახობაძე უდანაშაულოა და მას ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. 

გიორგი ახობაძის საქმეზე მომდევნო პროცესი 8 აპრილს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი პოლიციამ დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები