CNN-ის ახალი კვლევის თანახმად, დემოკრატიული პარტიის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.
SSRS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დემოკრატიულ პარტიასთან დაახლოებულთა 52% მიიჩნევს, რომ პარტიის ხელმძღვანელობას ის არასწორი მიმართულებით მიჰყავს.
ამერიკულ საზოგადოებაში დემოკრატიული პარტიის ზოგადი რეიტინგი კი CNN-ის თანახმად, 1992 წლიდან დღემდე ისტორიულ მინიმუმზე - 29%-ზეა.
ცნობისთვის, რესპუბლიკურ პარტიას ამჟამად 36%-იანი მხარდაჭერა აქვს.
გამოკითხულთა 57% თვლის, რომ დემოკრატებმა რესპუბლიკური პარტიის დღის წესრიგის წინააღმდეგ უნდა იმუშაონ, ნაცვლად იმისა, რომ რესპუბლიკელთა უმრავლესობასთან თანამშრომლობით საკანონმდებლო დონეზე ზოგიერთი დემოკრატიული იდეა წამოაყენონ.
კვლევა, რომელიც 6-დან 9 მარტის შუალედში ჩატარდა, აჩვენებს მნიშვნელოვან ცვლილებას 2017 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევის შედეგებთან, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დემოკრატების 74% რეპუბლიკელებთან საკუთარი პრიორიტეტების გასაუმჯობესებლად თანამშრომლობას უჭერდა მხარს.
კითხვაზე, რომელი დემოკრატი ლიდერი ასახავს პარტიის ძირითად ღირებულებებს ყველაზე კარგად, დემოკრატიულად განწყობილთა 10%-მა ასეთად ნიუ-იორკის წარმომადგენელი კონგრესმენი ალესანდრა ოკასიო-კორტესი დაასახელა. 9%-მა ყოფილი ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი, 8%-მა ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი და 6%-მა წარმომადგენელთა უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი.
კიდევ 4% ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ტეხასის წარმომადგენელ კონგრესმენ ჟასმინ კროკეტს ასახელებს.
SSRS-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 1 206 სრულწლოვანმა აშშ-ს მოქალაქემ მიიღო. გამოკითხვები როგორც ონლაინ, ისე სატელეფონო და პირდაპირი ინტერვიუებით ჩატარდა. შედეგების ცდომილების ალბათობა გამოკითხული დემოკრატების შედეგებში ± 5%, ხოლო გამოკითხულთა ზოგად ნაწილში ± 3.3 %.





