რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

სტარმერის თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დაცვის გეგმები "ოპერაციულ ფაზაში" გადადის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი
Leon Neal/Getty Images

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, "მსურველთა კოალიციის" სამხედრო გეგმები უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის შესახებ "ოპერაციულ ფაზაში" გადადის. მისივე თქმით, კოალიციის წევრი ქვეყნების სამხედროები 20 მარტს შეხვდებიან, რათა "სამშვიდობო შეთანხმების გასამყარებლად და უკრაინის მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მტკიცე და ძლიერი გეგმები შეიმუშაონ". 

ამის შესახებ სტარმერმა "მსურველთა კოალიციის" ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა

"ახლა არის დრო, რომ ჩავერთოთ დისკუსიაში სრული ცეცხლის შეწყვეტის მეთვალყურეობისა და კონტროლის მექანიზმის შესახებ და შევთანხმდეთ სერიოზულ მოლაპარაკებებზე არა მხოლოდ პაუზის, არამედ გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც ჩვენი "მსურველთა კოალიციის" საშუალებით უსაფრთხოების მტკიცე შეთანხმებებით იქნება უზრუნველყოფილი. 

განზე არ დავდგებით და პუტინს ქმედებისთვის არ დავუცდით. ნაცვლად ამისა, წინსვლას გავაგრძელებთ. ამიტომ, ჯგუფი, რომელიც დღეს შევკრიბე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ის ერთად კრებს პარტნიორებს ევროპის გარშემო, ასევე კანადას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას, სხვათა, მათ შორის, იაპონიის, მხარდაჭერითაც. 

შევთანხმდით, რომ რუსეთზე ზეწოლას გავზრდით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას შევინარჩუნებთ და რუსეთის ეკონომიკაზე შეზღუდვებს კვლავ გავამკაცრებთ, რათა პუტინის საომარი მანქანა დავასუსტოთ და მაგიდასთან მოვიყვანოთ. ასევე შევთანხმდით, რომ პოტენციური შეთანხმების მისაღწევად ჩვენი პრაქტიკული მუშაობა ავაჩქაროთ. ამიტომ, ჩვენ ოპერაციულ ფაზაში გადავდივართ. 

ჩვენი სამხედროები ამ კვირას, ხუთშაბათს გაერთიანებულ სამეფოში შეხვდებიან, რათა სამშვიდობო შეთანხმების გასამყარებლად და უკრაინის მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მტკიცე და ძლიერი გეგმები შეიმუშაონ. პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს გრძელვადიანი მშვიდობისკენ გზა შესთავაზა. ახლა ეს რეალობა უნდა გავხადოთ". - თქვა სტარმერმა. 

ჟურნალისტებთან საუბრისას გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ევროპამ საკუთარი თავდაცვა და უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს. მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს ომთან დაკავშირებით ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ.

სტარმერმა თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "აბსოლუტურად ერთგულია გრძელვადიანი მშვიდობის მიმართ, რომელიც უკრაინაში არის საჭირო და ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, ეს მიზანი ამოძრავებს". 

დღეს, 15 მარტს, "მსურველთა კოალიციის" ვირტუალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სიტყვით სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე გამოვიდნენ. 

"მსურველთა კოალიციის" შეხვედრას, მათ შორის, ევროპული კომისია, ევროპის ქვეყნები, NATO, კანადა, უკრაინა, ავსტრალია და ახალი ზელანდია დაესწრნენ. 

2 მარტს, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა წამოიწყეს იდეა, რომ ევროპელმა მშვიდობისმყოფელებმა უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი უზრუნველყონ. მიუხედავად მოლაპარაკებების პროგრესისა, სტარმერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კოალიციის წარმატებისთვის ევროპას "მტკიცე ამერიკული მხარდაჭერა" სჭირდება.  

სტარმერმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას კოალიციაში, თუმცა თქვა, რომ "რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა სურვილი, გახდეს იმ გეგმის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ".  

გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 6 მარტს დაადასტურა, რომ დაახლოებით 20 ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელთა უმეტესობა "ევროპელი და [ერთა] თანამეგობრობის პარტნიორები" არიან.  

ამ ეტაპზე, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოხატა კოალიციაში გაწევრიანების მზადყოფნა, მათ შორის კანადამ, ირლანდიამ და თურქეთმა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ "მსურველთა კოალიციაში" გაწევრიანებას, რომელიც უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, ავსტრალიაც აპირებს. 

11 მარტს გამოცემა AP-ს ფრანგმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ პარიზში ფრანგულ-ბრიტანული გეგმა 30-ზე მეტი სახელმწიფოს სამხედრო მაღალჩინოსანს იმ დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე წარედგინა. ხოლო მეორე ეტაპზე "უფრო ზუსტი და კონკრეტული" დისკუსიები გაიმართება, სადაც მონაწილეებს მიიწვევენ, რათა მათ განაცხადონ, როგორ შეძლებენ მათი ჯარები გეგმის შესრულებაში წვლილის შეტანას.

Associated Press-ის ინფორმაციით, პარიზში დაგეგმილ შეხვედრას თითქმის NATO-ს ყველა წევრი სახელმწიფო დაესწრო, აშშ-ს გარდა.

მაღალჩინოსნის თქმით, აშშ შეხვედრაზე არ მიიწვიეს, რადგან ევროპულ სახელმწიფოებს სურთ, აჩვენონ, რომ ევროპულ ქვეყნებს ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში უკრაინისთვის უსაფრთხოების გეგმების ძირითად ნაწილზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ.

კომენტარები