"პუტინმა იმედისმომცემი განცხადება გააკეთა, მაგრამ არასრული იყო. სასურველია ვნახოთ ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის თანხმობა. იმედია რუსეთი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს" - თქვა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ შეხვედრაზე.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს, თუმცა არსებობს ნიუანსები და საჭიროა ამერიკულ მხარესთან საუბარი.
"ჩვენ ვეთანხმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას. თუმცა იქიდან გამოვმდინარეობთ, რომ ამ შეწყვეტამ უნდა მიგვიყვანოს ხანგძლივ მშვიდობამდე და გადაჭრას კრიზისის ძირეული მიზეზები." - თქვა ვლადიმირ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათით ადრე პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე უარყოფითად ისაუბრა, სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ 30-დღიან ზავს "მხარს უჭერენ, მაგრამ არსებობს ნიუანსები".
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა დეტალების ამერიკელ კოლეგებთან დაზუსტება და დაწვრილებითი მუშაობა კონტროლის მექანიზმის შესაქმნელად. ამას გარდა, მისი საუბრიდან გამოიკვეთა, რომ მოსკოვი კიევს რთულად შესასრულებელ პირობებს წამოუყენებს.
საუბარში პუტინმა გამოთქვა იგივე შიში, რაც აქამდე უშაკოვმაც თქვა, რომ ამ პერიოდში უკრაინელებმა შეიძლება გადაიარაღება დაიწყონ.
პუტინის თქმით, ცეცხლის შეწყვეტამ უნდა შეძლოს კონფლიქტის ხანგრძლივ მშვიდობამდე მიყვანა და "ძირეული პრობლემების" გადაჭრა. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, მსგავსი პირობის წაყენება არამედ კიევზე ვაშინგტონის ზეწოლითაა განპირობებული, არამედ ბრძოლის ველზე არსებულმა რეალობებმა გამოიწვია და უკრაინელებმა აშშ-ს ეს თავად სთხოვეს.