საქართველო-საფრანგეთი

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა: ვგმობთ საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობის ფასადი

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 13 მარტს მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები.

"[ეროვნული ასამბლეა] გმობს რუსეთის ჩარევას ევროკავშირისა და მისი სამეზობლოს დემოკრატიულ პროცესებში, განსაკუთრებით მოლდოვას, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში." - წერია რეზოლუციის ერთ-ერთ ნაწილში. 

რეზოლუციას მხარი 288 დეპუტატმა დაუჭირა. 

ტექსტის მთავარი თემა უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივებით დახმარება იყო. რეზოლუცია ასევე მხარს უჭერს საფრანგეთის როლს უკრაინელი სამხედროების წვრთნაში და ევროკავშირსა და NATO-ს მოუწოდებს, რომ გაზარდონ კიევისადმი მხარდაჭერა როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიის დეპუტატს, სებასტიენ შენუს რეზოლუციის ტექსტიდან მოლდოვის, საქართველოსა და რუმინეთის ამოღების შესწორება ჰქონდა წარდგენილი. მის წინადადებას საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა. ფრანგი დეპუტატი საკუთარ განმარტებით ბარათში ირწმუნებოდა, რომ რუმინეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ცხადი მტკიცებულებები არ არსებობს. მისი აზრით, რეზოლუციაში არ უნდა ყოფილიყო დასახელებული ქვეყნები, რომელთა საქმეებშიც შესაძლოა რუსეთი ჩარეულიყო.

 

კომენტარები