ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკა

დოდიკის თქმით, რუსეთთან "უმაღლეს დონეზე" შეხვედრებს გეგმავს

მილორად დოდიკი
EPA

ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფ სერბთა რესპუბლიკის პრორუსული განწყობების მქონე ლიდერის, მილორად დოდიკის თქმით, მისი დაკავების ბრძანების მიუხედავად, სერბთა რესპუბლიკას არ დატოვებს. გარდა ამისა, დოდიკმა თქვა, რომ რუსეთს დახმარებას სთხოვს, რუსეთის წარმომადგენლებთან "უმაღლეს დონეზე შეხვედრას" აპირებს და რუსეთს გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე ბოსნიაში ევროპის სამშვიდობო ძალების გახანგრძლივებაზე ვეტოს დადებას სთხოვს. 

"უახლეს დღეებში მე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან უმაღლეს დონეზე შეხვედრებს ჩავატარებ და, წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც Althea-ს გადარჩენას ვთხოულობდი, ახლა რუსებს ვთხოვ ვეტოს დადებას და რომ არ დაუშვან იმ ძირგამომთხრელი სტრუქტურის შენარჩუნება, რომლებიც გაეროს მანდატით ბოროტად სარგებლობს და სერბებს ემუქრება რაღაც ძალების შემოღებით მხოლოდ იმიტომ, რომ ამაზე სარაევოში თხოულობენ". - თქვა დოდიკმა. 

26 თებერვალს ბოსნიის სასამართლომ დოდიკს, რომელიც პუტინთან არის დაახლოებული და მას პერიოდულად ხვდება, ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და მას 6 წლით თანამდებობის დატოვება დაავალა გაეროს უმაღლესი საერთაშორისო წარმომადგენლის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის.

დოდიკი ემხრობოდა ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც კონსტიტუციური სასამართლოსა და გაეროს უმაღლესი საერთაშორისო წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებებს აუქმებდა. შმიდტის თანამდებობა 1995 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინაში ომის ხელახალი გაღვივების აღკვეთის მიზნით შეიქმნა.

სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს სახელმწიფო სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 2 კვირის ვადა აქვს. 

გადაწყვეტილების პასუხად დოდიკმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ცენტრალურ სასამართლოს და ცენტრალურ პოლიციას რეგიონზე წვდომას უზღუდავს, რის გამოც სახელმწიფო პროკურატურამ მის წინააღმდეგ კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. 

დღეს, 12 მარტს, ბოსნიის პროკურატურამ დოდიკისა და ავტონომიური ერთეულის მთავრობის სხვა წევრების დაკავების ბრძანება გასცა, მას შემდეგ, რაც ისინი სასამართლოში კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის საქმეზე არ გამოცხადნენ.

გუშინ, 11 მარტს, ბოსნია-ჰერცეგოვინაში საერთაშორისო სამშვიდობო დავალებას ევროკავშირის სპეციალურმა ჯგუფმა, EUFOR-მა განაცხადა, რომ ბოსნიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად სარეზერვო ძალების განთავსება დაიწყო. 

ბოსნია-ჰერცეგოვინაში დაძაბულობას რუსეთსა და დასავლეთში საპირისპიროდ აფასებენ. მოსკოვმა ბოსნიის სასამართლოს გადაწყვეტილება "ბალკანეთის რეგიონში სტაბილურობაზე იერიშად" მოიხსენია. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კი თქვა, რომ დოდიკის ქმედებები ბოსნიის ინსტიტუტებს ძირს უთხრის და მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და რეგიონში აშშ-ს პარტნიორებს მოუწოდა, რომ "ამ საფრთხიანი და დესტაბილიზაციური ქცევისთვის წინააღმდეგობის გაწევაში" შეუერთდნენ.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ხაზი გაუსვა, რომ NATO რეგიონში სტაბილურობისადმი ერთგულია და არ დაუშვებს, რომ "დიდი ძალისხმევით მოპოვებულ მშვიდობას" საფრთხე შეექმნას.

"დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებიდან სამი ათწლეულის შემდეგ, შემიძლია გითხრათ: NATO მტკიცედ ერთგული რჩება ამ რეგიონის სტაბილურობისადმი და ბოსნია და ჰერცეგოვინას უსაფრთხოებისადმი. [...] არ დავუშვებთ, რომ დიდი ძალისხმევით მოპოვებული მშვიდობა საფრთხეში ჩავარდეს". - თქვა რუტემ. 

რუტემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქმედებები, რომლებიც ხელშეკრულებას, კონსტიტუციურ წყობას ან ეროვნულ ინსტიტუტებს ძირს უთხრის, "მიუღებელია" და NATO არ დაუშვებს, რომ რეგიონში "უსაფრთხოების ვაკუუმი" წარმოიშვას. 

"პროვოკაციული რიტორიკა და ქმედებები საფრთხის შემცველია. ისინი პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენენ ბოსნია და ჰერცეგოვინას სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. [...] უსაფრთხოების ვითარების შესახებ შეშფოთებები მაქვს. ნათელი ვიქნები, ეს არ არის 1992 წელი და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უსაფრთხოების ვაკუუმი წარმოიშვას". - თქვა რუტემ. 

აქამდე დოდიკს სეპარატისტული განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია. 

2021 წლის დეკემბერში დოდიკმა სერბთა რესპუბლიკის სეცესია სცადა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუციებიდან, როგორიცაა სასამართლო, საერთო შეიარაღებული ძალები და საგადასახადო სისტემა. დოდიკმა, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ასევე შიშით, რომ უკრაინის კონფლიქტი ბალკანეთს გადაედებოდა, სეცესიისგან თავი შეიკავა. ის ამბობდა, რომ გეგმას აფერხებდა და არა უარს ამბობდა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფოში გაერთიანებულია ორი პოლიტიკური ერთეული: სერბთა რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია, რაც 1995 წელს დეიტონის ზავის შედეგია, რომელმაც ბოსნიის ომი დაასრულა. 

ბოსნიის ომი 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ბოსნიელმა სერბებმა, იუგოსლავიის ჯარების დახმარებით, სცადეს ეთნიკურად სუფთა ტერიტორიების შექმნა და სერბეთთან გაერთიანება. ამავეს ცდილობდნენ ბოსნიელი ხორვატებიც, ხორვატიის დახმარებით. 

ომი მუსლიმ ბოსნიელებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკ ხორვატებს შორის 1995 წელს აშშ-ს შუამავლობით გაფორმებული დეიტონის შეთანხმებით დასრულდა. ზავის შედეგად, ერთ ქვეყანაში გაერთიანდა ორი ადმინისტრაციული ერთეული: სერბული უმრავლესობის სერბთა რესპუბლიკა და ბოსნიელებისა და ხორვატების უმრავლესობის ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია

კომენტარები