ავარია

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში პოლიციელი ავტომანქანით ახალგაზრდა კაცს დაეჯახა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში პოლიციელი ახალგაზრდა კაცს ავტომანქანით დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, 11 მარტს მოხდა.

როგორც ტაბულას გენერალურ პროკურატურაში ეუბნებიან, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული, ხოლო პოლიციელი დაკავებულია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ბათუმელების ცნობით, გამოცემა დაშავებულის ნათესავს, მაია კალანდიას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელი კობა კვინტაძე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს.

"შემთხვევა მოხდა წუხელ, დაახლოებით 19:00 საათზე, სოფლის ცენტრში და როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა შსს დარჩელის საუბნო პოლიციის თანამშრომელი კობა კვიტანძე, სხვა ავტომანქანასთან  შეჯახების თავიდან აცილების მიზნით  გადავიდა ტროტუარზე და დაეჯახა 24 წლის მურმან კალანდიას, რომელიც გადააგდო დიდ მანძილზე.

თვითმხილველებმა გვითხრეს, რომ კობა კვიტანძე იყო მთვრალი, რაც დამიდასტურეს სხვა მაღალჩინოსანმა პოლიციელებმაც.

მურმან კალანდიას ჩაუტარდა თავის ტვინის ნეიროქირურგიული  ოპერაცია. ექიმის განმარტებით, მისი მდგომარეობა არის უმძიმესი და აქვს მეოთხე ხარისხის კომა.

მურმანს ჰყავს ორსული ცოლი და მძიმე შრომით ირჩენდნენ თავს“, – ამბობს მაია კალანდია ბათუმელებთან.

კომენტარები