ტრამპის ადმინისტრაცია

აშშ-ს განათლების დეპარტამენტი აცხადებს, რომ თანამშრომლების ნახევარს გაათავისუფლებს

აშშ-ს განათლების დეპარტამენტი აცხადებს, რომ თანამშრომლების ნახევარს გაათავისუფლებს

დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ გათავისუფლებების შესახებ გადაწყვეტილება დეპარტამენტის "საბოლოო მისიაა", რაც დეპარტამენტის გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირებას უკავშირდება.

Fox News-ის ეთერში, ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა თანამშრომლების დათხოვნა დეპარტამენტის სრულ დახურვას, განათლების მინისტრმა, ლინდა მაკმაჰონმა განაცხადა, რომ "ეს პრეზიდენტის დავალება იყო."

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, დეპარტამენტმა ვაშინგტონის ოფისები დროებით დახურა და თანამშრომლებს სამშაბათის საღამოდან ოთხშაბათამდე სახლში დარჩენა სთხოვა. 

გათავისუფლებები "მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის" (DOGE) პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანია ბიუროკრატიის შემცირება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ დეპარტამენტში 2 183 თანამშრომელი დარჩება. ტრამპის პრეზიდენტობის დასაწყისში დეპარტამენტში მომუშავეთა რაოდენობა 4 133 იყო.

განათლების დეპარტამენტის გათავისუფლებული თანამშრომლები 21 მარტიდან ადმინისტრაციულ შვებულებაში გადავლენ.

მანამდე, გამოცემა Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აღმასრულებელ ბრძანებას ამზადებს, რომელიც განათლების დეპარტამენტს მნიშვნელოვნად შეამცირებს, გრძელ ვადაში კი უწყების დახურვას ისახავს მიზნად. 

როგორც WP-ის ანონიმური წყაროები ამბობენ, ბრძანების წინასწარ, დაუსრულებელ ვერსიაში წერია, რომ დეპარტამენტის დახურვა მხოლოდ კონგრესს შეუძლია, თუმცა უწყებას შემცირებისკენ მოუწოდებს. 

წყაროების თქმით, მოსალოდნელი აღმასრულებელი ბრძანება განათლების დეპარტამენტს არ გააუქმებს, რადგან ორივე პარტიაში არსებობს კონსენსუსი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის უფლებამოსილება კონგრესს აქვს. 

WP წერს, რომ აღმასრულებელი ბრძანება განათლების დეპარტამენტს უწყების პერსონალისა და ფუნქციების შემცირების გეგმის შემუშავებას დაავალებს. გამოცემის წყაროების თქმით, ბრძანების ფარგლებში, სავარაუდოდ, განათლების დეპარტამენტის რიგი ფუნქციები სხვა ფედერალურ დეპარტამენტებს გადაეცემა. 

გამოცემა წერს, რომ ორივე პარტიის წევრების თქმით, კონგრესის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან განათლების დეპარტამენტის გაუქმებას სენატში მარტივ უმრავლესობაზე მეტი, 60 ხმა დასჭირდება, რაც ნიშნავს, რომ 7 დემოკრატი სენატორის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

კომენტარები