რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ანგარიში სახელად "მზაკვარი ალბიონი კვლავ ითრევს მსოფლიოს ომში" გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინის ომის დასრულების შეფერხებაში გაერთიანებული სამეფო დაადანაშაულა.
დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, ლონდონი "ძალიან გაღიზიანებულია" იმ ფაქტით, რომ დონალდ ტრამპი რუსეთთან, როგორც ზესახელმწიფოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და უგულებელყოფს უახლოესი მოკავშირეების აზრს.
"ბრიტანეთის ხელისუფლება პრიორიტეტად ტრამპის "მშვიდობისმყოფელი" ინიციატივებისთვის ძირის გამოთხრას მიიჩნევს. არასამთავრობო ორგანიზაციებს მისი დემონიზება აქვთ დავალებული". – წერია ანგარიშში.
უწყება ლონდონს კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებს:
"ისევე, როგორც ორი მსოფლიო ომის წინ, ლონდონი გლობალური კონფლიქტის გამღვივებლის როლს ირგებს.
დროა ლონდონს მკაფიო ნიშანი მივცეთ, რომ კონფლიქტის გაღვივების მცდელობებით, ვერაფერს გახდება".
მოხსენებაში ასევე წერია, რომ კიმ სტარმერის მინისტრთა კაბინეტი "კანიდან ძვრება", რომ "კიევის რეჟიმს ვაშინგტონის ზეწოლის ქვეშ შეუნარჩუნოს სიმტკიცე".
"ლონდონიდან ისმის ხმამაღალი დაპირებები უკრაინაში რაკეტების, ჯარისა და ავიაციის გაგზავნის შესახებ. მიუხედავად ამისა, კულუარებში ბრიტანელი პოლიტიკოსები აღიარებენ, რომ ეს განზრახვები შესაძლოა აღმოჩნდეს "აურზაური არაფრის გამო", ვინაიდან აშშ-ს დახმარების გარეშე, მათი შესრულება შეუძლებელია".





