რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

WSJ: რუსული და ჩრდილოკორეული ძალების წინსვლა კურსკში უკრაინულ პოზიციებს საფრთხეს უქმნის

Russia Defense Ministry Press Service via AP

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსული და ჩრდილოკორეული ძალების მხრიდან მზარდად სწრაფი წინსვლა საფრთხეს უქმნის უკრაინული მხარის უნარს, რომ 2024 წლის აგვისტოში მოულოდნელი იერიშის შედეგად რუსეთის კურსკის ოლქში მოპოვებულ ტერიტორიებზე კონტროლი შეინარჩუნოს.

ჯარისკაცებისა და ანალიტიკოსების მიხედვით, ბოლო დღეებში რუსმა და ჩრდილოკორეელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში რამდენიმე სოფელი აიღეს და დრონების მეშვეობით ქალაქ სუჯაში უკრაინულ ძალებს მოსამარაგებელი გზები გადაუკეტეს.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკრაინულმა მხარემ ქვეყნის შიგნით თითქმის 1 300 კმ-ის სიგრძის ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია შეძლო, რუსული წინსვლა შეაჩერა და ქალაქ ტორეცკთან და პოკოვსკთან კონტრშეტევებზე გადასვლაც შეძლო. თუმცა, კურსკში თანდათანობით უფრო სწრაფი წინსვლა საფრთხეს უქმნის აგვისტოში უკრაინის მხრიდან რუსულ ტერიტორიაზე წამოწყებულ უეცარ იერიშს, რითაც უკრაინულმა მხარემ რუსული თავდაცვითი ხაზები გაარღვია და ათეულობით სოფელი თუ დასახლება აიღო.

კურსკზე კონტროლის დასაბრუნებლად რუსეთმა მასობრივი რესურსები დახარჯა და ამ მცდელობაში დიდი რაოდენობით დანაკარგები განიცადა. რუსულმა მხარემ რეგიონში რამდენიმე საუკეთესო დანაყოფი გადაიყვანა და დეკემბერში რუსულ ძალებს 10 000-მდე ჩრდილოკორეელი სამხედროც დაუმატა.

ანალიტიკური პროექტი DeepState-ის თანადამფუძნებლის რომან პოჰორილის თქმით, ჩრდილოკორეელი სამხედროები, რომლებიც თანამედროვე საბრძოლო ველისთვის მოუმზადებლები იყვნენ, თავდაპირველად შედარებით მარტივად გაანადგურეს, თუმცა ამჯერად ისინი სირთულეებს ქმნიან, რადგან რუსებისგან განსხვავებით, ისინი ტალღებად გადადიან შეტევაზე, რაც უკრაინული მხარის რესურსების გამოფიტვას იწვევს.

"ყველა ეს ბოლო წინსვლა, უმეტეს შემთხვევაში, მათი დამსახურებითაა". - აღნიშნა მან.

მისი თქმით, რუსული არმია კურსკში იერიშისთვის იანვრიდან მოყოლებული ემზადებოდა. დრონები რუსული მხარის მიმდინარე იერიშში გადამწყვეტ როლს თამაშობს, ხოლო ძლიერი დაზვერვა გულისხმობს, რომ უკრაინელებს შეუმჩნევლად გადაადგილება უჭირთ. ჯარისკაცების თქმით, რუსეთი დიდი რაოდენობით დრონებს იყენებს, რომელსაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით აკონტროლებენ. ამის გამო უკრაინელები მათ ჩამოგდებას ჩამხშობების მეშვეობით ვერ ახერხებენ.

გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა უკრაინა დამატებითი ძალებით კურსკში პოზიციების გამაგრებას ან დასჭირდება თუ არა უკრაინულ მხარეს კურსკიდან ჯარების სრულად გამოყვანა.

8 მარტს RBC-Ukraine საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ კურსკის ოლქიდან უკრაინის სარდლობას, ამ ეტაპზე, ჯარების გაყვანის გეგმები არ აქვს. 

გამოცემა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარეობს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ზომების მიღება და საპასუხო ქმედებების დაგეგმვა.  

ამჟამად, უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიგანე კურსკის რეგიონში 11 კილომეტრამდე შემცირდა. თავდაცვა და საბრძოლო მოქმედებები გართულებულია ტყიანი რელიეფისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონების ფართო გამოყენების გამო.

კომენტარები