რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

NBC: ტრამპისთვის კიევთან წიაღისეულის შეთანხმება დახმარების აღსადგენად საკმარისი არ იქნება

Evan Vucci/AP

NBC NEWS აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთი წარმომადგენელსა და კიდევ ერთ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კერძო საუბარში მკაფიოდ უთხრა თავის თანაშემწეებს, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის ხელმოწერილი წიაღისეულის შეთანხმება საკმარისი არ იქნება უკრაინისთვის დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარების აღსადგენად.

ოფიციალური პირები NBC NEWS-ს უყვებიან, რომ ტრამპს ნამდვილად სურს, რომ ქვეყნებმა შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს უკრაინის წიაღისეულის რესურსების წილს მისცემს, ხელი მოაწერონ. თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, მას ასევე სურს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დამოკიდებულებაში სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ცვლილება დაინახოს, მათ შორის რუსეთის სასარგებლოდ ტერიტორიის დათმობის მზაობის გამოხატვა.

წყაროების მიხედვით, ტრამპს ასევე სურს, რომ ზელენსკიმ ნაბიჯები გადადგას უკრაინაში არჩევნების ჩატარებისკენ და შესაძლოა, ქვეყნის ლიდერის თანამდებობიდან გადადგომისკენაც.


ცნობისთვის, 3 მარტს აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, რომელიც კიევისთვის ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასაც მოიცავდა. 

თეთრი სახლის აღნიშნული გადაწყვეტილება მეტწილად უკავშირდება ოვალურ კაბინეტში 28 თებერვალს მომხდარ მწვავე კამათს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის. 

The Guardian-ის ცნობით, ერთ-ერთი ექსპერტი ამბობს, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება, შეაჩეროს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, რუსეთს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის წინააღმდეგ შეტევითი საბრძოლო ქმედებების ხელახლა წამოწყებას გაუმარტივებს. ექსპერტის თქმით, კრემლს, სავარაუდოდ, შეეძლება, "ყველაფერი ხარკოვთან ახლოს, საზღვართან განალაგოს და ხელახლა დაესხას მას თავს". 

თუმცა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას აგრძელებს ბრიტანეთი და საფრანგეთი. 

კომენტარები