რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

საფრანგეთი უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის - საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს თქმით, უკრაინას სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციით საფრანგეთი ამარაგენბს. BFM TV არხის ცნობით, ლეკორნუს განცხადება აშშ-ს მხრიდან კიევისთვის ყოველგვარი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტას მოყვა.

"ჩვენ ვფლობთ სადაზვერვო რესურსებს, რომლებსაც უკრაინელებს ვაწვდით"- თქვა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა France Inter-ის ეთერში.

France Inter-ის ეთერში გამოსვლისას ლეკორნიუმ ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მას "უკრაინისთვის განკუთვნილი ფრანგული დახმარების პაკეტების მიწოდების დაჩქარება დაავალა, რათა უკრაინას ანაზღაურდეს ის დახმარება, რომელიც აშშ-დან აღარ შემოდის"

უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის შეჩერებაზე ინფორმაცია 5 მარტს, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმაც დაადასტურა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გადადგა, რაც თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეკამათება მოხდა.

ამასთან, რეტკლიფის თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წინა დღით გავრცელებული განცხადების შემდეგ, მისი აზრით, უკრაინასთან სამხედრო და სადაზვერვო კუთხით აღებული პაუზა დამთავრდება და მხარეები მუშაობას გააგრძელებენ.


3 მარტს ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.

მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.

ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.

კომენტარები