სირიაში, ზღვისპირა რეგიონში ახალი მთავრობის ძალებსა და ასადის ალავიტური სექტის მებრძოლებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას, ბოლო მონაცემებით, 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ომის სადამკვირვებლო სირიულ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადამიანის უფლებათა სირიული სადამკვირვებლო ორგანიზაციის (SOHR) მონაცემებით, მოკლულია, სულ მცირე, 745 მშვიდობიანი მოქალაქე, სირიის მთავრობის უსაფრთხოების ძალების, სულ მცირე, 124 წევრი, ხოლო ასადის ლოიალისტებიდან 148 მებრძოლი.
მოკლულებს შორის არიან ალავიტი ქალები და ბავშვები.
ახალ რეჟიმსა და ასადის ლოალისტებს შორის შეტაკებები 6 მარტს მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ლატაკიის პროვინციაში ასადის ლოიალისტები სირიის მთავრობის უსაფრთხოების ძალებს თავს დაესხნენ და მათგან 16 პირი მოკლეს.
სირიის უსაფრთხოების სამინისტროს მაღალჩინოსნების თქმით, შეტაკებებისას უსაფრთხოების ძალებიდან რამდენიმე ათეული პირი დაიღუპა.
სირიელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ისინი ოპერაციისას მომხდარ დარღვევებს აცნობიერებენ, თუმცა მშვიდობიანი ალავიტების მასობრივი ხოცვა იმ მებრძოლებსა და ადამიანებს დააბრალეს, რომლებსაც ოპერაციაში უსაფრთხოების ძალების დახმარება სურდათ ან ბრძოლის ქაოსს იყენებდნენ, რათა დანაშაულები ჩაედინათ.
როგორც Reuters წერს, სისასტიკის მასშტაბი, რაც მოიცავს ცნობებს ერთ სოფელში ათეულობით ალავიტი მამაკაცის დახოცვის შესახებ, კიდევ უფრო აჩენს ეჭვებს სირიის ახალი ისლამისტი ხელისუფლების შესაძლებლობაზე, ქვეყანა ინკლუზიური გზით მართოს.
სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ, რომელიც სირიის ზღვისპირა რეგიონში უსაფრთხოების ძალების ოპერაციებს მხარს უჭერს, სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ძალებმა არავის არ უნდა მისცეს საშუალება, "გადააჭარბონ პასუხი, რადგან რაც მტრისგან განგვასხვავებს, ჩვენი ერთგულებაა ღირებულებებისა".
"როდესაც მორალს ვთმობთ, ჩვენ და ჩვენი მტერი ერთ მხარეს აღმოვჩნდებით". - თქვა ალ-შარაამ და დაამატა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები და მძევლები არ უნდა იყვნენ არასათანადოდ მოპყრობილნი.
"ეს არ არის იმის შესახებ, ხარ თუ არა ასადის ყოფილი რეჟიმის მხარდამჭერი თუ მოწინააღმდეგე. ეს არის სექტანტური ხოცვა, რომლის მიზანიც ალავიტი მოსახლეობის გაყრაა თავიანთი სახლებიდან". - თქვა ზემოხსენებული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რამი აბდულრაჰმანმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ალ-შაარამ "თავისი სასულიერო სამოსი კოსტუმით ჩაანაცვლა და ზომიერი სახე წარმოაჩინა. ახლა მან ნიღაბი მოიხსნა და თავისი ჭეშმარიტი სახე გამოამჟღავნა: ალ-კაიდას სკოლის ჯიჰადისტი ტერორისტი, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საზარელ ქმედებებს სჩადის".
"ისრაელი სირიის მხრიდან ნებისმიერი საფრთხისგან თავს დაიცავს". - თქვა კაცმა და თქვა, რომ ისრაელი სირიის საზღვართან ბუფერული ზონის დაკავებას გააგრძელებს.