Fox News-ის ინფორმაციით, მიუხედავად აშშ-ს მიერ სამხედრო დახმარების და მათ შორის, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეჩერებისა, უკრაინა აშშ-სგან კვლავ იღებს სადაზვერვო მონაცემებს, რათა პოტენციური რუსული თავდასხმებისგან თავი დაიცვას.
ამერიკულ ტელევიზიას საკითხზე ინფორმირებულმა სამმა წყარომ დაუდასტურა, რომ უკრაინა განაგრძობს აშშ-სგან იმ ტიპის სადაზვერვო მონაცემების მიღებას, რომელიც სამხედრო ძალების დაცვასა და რუსული თავდასხმებისთვის მომზადებაში ეხმარება.
თუმცა უკრაინას აღარ მიეწოდება აშშ-ს ფედერალური დაზვერვის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA), გამოძიების ფედერალური ბიუროსა (FBI) და ადამიანური წყაროებისგან შეგროვებული მონაცემები; ასევე სადაზვერვო ინფორმაცია, რომლებიც მათ საშუალებას აძლევდა რუსებზე იერიშის მისატანად.
როგორც წყარო Fox-ს ეუბნება, პაუზა "ძალიან დროებითი ხასიათისაა", ხოლო ყოველი ტიპის მონაცემის გაზიარება უახლოეს დღეებში აღდგება.
როგორც ერთ-ერთმა ექსპერტმა ტელევიზიას უთხრა, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტა უკრაინელებისთვის იმაზე მეტად დამაზიანებელი იქნებოდა, ვიდრე სამხედრო დახმარების.
"უკრაინას ერთადერთი უპირატესობა ჰქონდა რუსეთის წინააღმდეგ: ინფორმაციული უპირატესობა. ამის გარეშე კიევს პრობლემები ექნებოდა. ევროპას არ აქვს საკმარისი სტრატეგიული [რესურსები], რომ ვაკუუმი შეავსოს". - თქვა ჰადსონის ინსტიტუტის ერთ-ერთმა მკვლევარმა.
ცნობისთვის, 3 მარტს აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, რომელიც კიევისთვის ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასაც მოიცავდა.
თეთრი სახლის აღნიშნული გადაწყვეტილება მეტწილად უკავშირდება ოვალურ კაბინეტში 28 თებერვალს მომხდარ მწვავე კამათს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის.
The Guardian-ის ცნობით, ერთ-ერთი ექსპერტი ამბობს, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება, შეაჩეროს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, რუსეთს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის წინააღმდეგ შეტევითი საბრძოლო ქმედებების ხელახლა წამოწყებას გაუმარტივებს. ექსპერტის თქმით, კრემლს, სავარაუდოდ, შეეძლება, "ყველაფერი ხარკივთან ახლოს, საზღვართან განალაგოს და ხელახლა დაესხას მას თავს".
თუმცა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას აგრძელებს ბრიტანეთი და საფრანგეთი.





