რუსული რეჟიმი

კუპრაძე: ჩვენ თავისუფლები ვართ, მაგრამ ლაზერი არის დაკავებული

ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და პარტიის ახალგაზრდულის წევრები ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე გაათავისუფლეს.

როგორც კუპრაძე ამბობს, ბექა ბერიძიშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს და ლაზერი ჩამოართვეს, კუპრაძე და პარტიის 2 წევრის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო.

"აქციიდან მივემართებოდით სახლებისკენ, ვარაზისხევზე გაგვაჩერა საპატრულო ეკიპაჟმა ერთმა, შემდეგ შემოუერთდა მეორე, დაბურული მინებით და კიდევ 2 საპატრულო ეკიპაჟი. თავიდანვე განზრახული ჰქონდათ სავარაუდოდ ჩვენი დაკავება, გადაგვიყვანეს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ივანიშვილს ეშინია ლაზერის, რომელიც ანათებდა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის შენობას, ითვლიდა დღეებს და პირველ რიგში ამხნევებდა რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებს. ჩვენ თავისუფლები ვართ, მაგრამ ლაზერი არის დაკავებული" - თქვა ირაკლი კუპრაძემ "TV პირველთან".

7 მარტს, ღამით, "ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში ლაივი ჩართო, სადაც ჩანს რომ მათთან პოლიციის ეკიპაჟია მისული. პოლიციელებმა მათ უთხრეს, რომ უფლება აქვთ გააჩერონ, შეამოწმონ, ნახონ მათ საბუთები და დაათვალიერონ მანქანა.

კუპრაძემ პოლიციელებს ჰკითხა, რა საფუძვლით გააჩერეს მანქანა და უთხრა რომ პოლიტიკოსია. "რახან პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენთ, რამე პრივილეგიით სარგებლობთ?" - მიმართა პოლიციელმა კუპრაძეს რის შემდეგაც მისი და თანმხლები პირების გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

მოგვიანებით პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომ ისინი დაკავებულები იყვნენ.

კომენტარები