პოლონეთისა და დანიის ლიდერებმა მიანიშნეს, რომ ისინი მზად არიან, განიხილონ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადება ევროპის დაცვისთვის საფრანგეთის ბირთვული იარაღის, როგორც შემაკავებელ ზომად გამოყენების შესახებ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
"ფრანგული წინადადება ახალი არ არის. ეს თემა რამდენჯერმე წამოიჭრა საუბრების დროს. ეს განსახილველად ღირებული საკითხია". - თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში ევროპელ ლიდერთა სამიტის დაწყებამდე.
ხოლო როდესაც დანიის პრემიერმინისტრს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, არის თუ არა მზად დანია, განალაგოს ბირთვული იარაღი საკუთარ ტერიტორიაზე, მეტე ფრედერიკსენმა თქვა, რომ "ეს არ არის რაღაც, რაზეც ვმუშაობთ, თუმცა აქ არ ვიდგები და უარს ვიტყვი სხვების იდეებზე. ამჟამად ყველაფერი მაგიდაზე უნდა იყოს".
ცნობისთვის, საფრანგეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრი სახელმწიფოა, რომელიც ბირთვულ შეიარაღებას ფლობს, ხოლო NATO-ს 3 ასეთი წევრიდან ერთ-ერთი - აშშ-სთან და გაერთანებულ სამეფოსთან ერთად.
როგორც POLITICO წერს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წლებია, უშედეგოდ ცდილობს, ევროპელ პარტნიორებთან ერთად საფრანგეთის არსენალით ევროპის ბირთვული ფარის შექმნის საკითხი განიხილოს.
თუმცა ახლა, როდესაც აშშ-ს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპიდან ამერიკული ჯარების გამოყვანას მოიაზრებს, ევროპულმა ქვეყნებმა მაკრონის შეთავაზებაზე, სავარაუდოდ, სერიოზული მსჯელობა დაიწყეს.
ჯერჯერობით, როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთის პრეზიდენტს სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვის თავიანთ ტერიტორიებზე ფრანგული ბირთვული იარაღის განლაგება ფორმალურად არ შეუთავაზებია.
ცნობისთვის, გასულ თვეში გერმანიის მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინს პარიზსა და ლონდონთან მოლაპარაკებების გამართვა დასჭირდება იმის შესახებ, "გავრცელდებოდა თუ არა სულ მცირე, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიერ [უზრუნველყოფილი] ბირთვული თავდაცვა [გერმანიაზეც]" და დაამატა, რომ ტრამპის ამერიკა უკვე "ინდიფერენტულია ევროპის ბედის მიმართ".
ამასთან, ბრიტანულმა გამოცემა Telegraph-მა 25 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი მზადაა, გამოიყენოს საკუთარი ბირთვული შეიარაღება, როგორც შემაკავებელი ზომა ევროპის დასაცავად.
ანონიმურმა ფრანგმა ოფიციალურმა პირმა Telegraph-ს უთხრა, რომ საფრანგეთის მიერ გერმანიაში ბირთვული იარაღის განლაგება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის "ძლიერი მესიჯი" იქნებოდა, ხოლო გერმანელი დიპლომატების თქმით, ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერსაც აიძულებდა, იგივე გაეკეთებინა.
"გერმანიაში რამდენიმე ფრანგული ბირთვული ავიაგამანადგურებლის განლაგება რთული არ უნდა იყოს, ეს [პუტინს] ძლიერ მესიჯს გაუგზავნიდა". - თქვა ფრანგმა მაღალჩინოსანმა.
"თუ ფრანგები გადაწყვეტენ, რომ ბირთვული შემაკავებელი ძალები გერმანიაში განალაგონ, ეს ნამდვილად გაზრდიდა წნეხს ბრიტანელებზე, გააკეთონ იგივე. მე ასე მესმის, რომ [გერმანიის] ქრისტიან-დემოკრატების მხარეს ფიქრობენ, რომ ჩვენ ბირთვული ქოლგა გვჭირდება, ჩვენ ამ საკითხში სიტყვა უნდა გვეთქმოდეს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამაზე სალაპარაკოდ და გვქონდეს სურვილი, გადავიხადოთ ამისთვის". - თქვა გერმანელმა დიპლომატმა.
ცნობისთვის, დიდი ხანია, რაც აშშ-ს მიერ ევროპის კონტინენტზე, მათ შორის, გერმანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზეც, განლაგებული 100 ბირთვული რაკეტისგან შემდგარი არსენალი ევროპის უსაფრთხოების გარანტორია.
როგორც ერთ-ერთი წყარო გამოცემას ეუბნება, ნაკლებსავარაუდოა, საფრანგეთმა აღნიშნული იდეა ფორმალურად განახორციელოს, თუ აშშ გერმანიაში განლაგებულ ბირთვულ არსენალს არ გამოიყვანს.
საფრანგეთის არსენალი, გავრცელებული ცნობებით, დაახლოებით 300 ბირთვულ იარაღს მოიცავს, ხოლო ბრიტანეთის Trident ბირთვული შემაკავებელი ძალები Vanguard-ის ტიპის 4 წყალქვეშა ნავს, რომელსაც ერთდროულად 16 ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია.





